ადვოკატის ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი კობა ფარტენაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავარცელებს.
“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში. კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი! ამ დროისათვის ვარკვევთ თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული. ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.“ – წერს კობა ფარტენაძის ადვოკატი, თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტის დაკავებას წინ უძღოდა ბათუმში მასზე განხორციელებული თავდასხმები – აგვისტოში ფარტენაძეს ევროპის მოედანზე ორჯერ დაესხნენ თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თუმცა სასამართლომ მოძალადეები 7-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
