“ვხედავთ იმას, რომ შესაძლოა მასთან [რომეო მიქაუტაძესთან] მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ, ალბათ, განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა” – ამის შესახებ გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ საქმეში არანაირი სახის ობიექტური მტკიცებულება არ არსებობს.
„მოწმე, რომელიც ბრალდების მხარის განმარტებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს წარმოადგენს, უნდა გამოცხადდეს სხდომის დარბაზში, რათა დაცვის მხარეს არ შეეშალოს ხელი დაკითხვაში. მადლობა სასამართლოს, რომ ეს პოზიცია გაიზიარა. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს მოწმისთვის დასმული კითხვები, დაცვის მხარეს კი ჯერ არ დაუწყია მისი დაკითხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტილება, რომ მომდევნო სხდომაზე იგივე მოწმის დაკითხვა გაგრძელდება იმგვარად, რომ იგი უშუალოდ გამოცხადდება პროცესზე. მან გამოცხადებაზე თანხმობა განაცხადა.
აღნიშნულ საქმეში, საბედნიეროდ, არსებობს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დღევანდელი მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის ოპონირებას ახდენს. საუბარია ობიექტურ, ნეიტრალურ მტკიცებულებებზე, რომლებიც საბოლოო ჯამში ყველაზე სანდოდ უნდა შეფასდეს სასამართლოს მხრიდან. დაცვის მხარე თავისი დაკითხვით შეეცდება და გააბათილებს მოწმის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. ვინაიდან ჯერ არ განგვიხორციელებია აღნიშნული პირის დაკითხვა, ნიუანსებისგან თავს შევიკავებ.
ვხედავთ იმას, რომ შესაძლოა მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ, ალბათ, განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა.
რას ნიშნავს მოწმის მხრიდან იმგვარი ხასიათის ქმედებაში მისი მონაწილეობის თქმა და საკუთარი თავის მხილება? რატომ უნდა უღირდეს და უნდოდეს მას, რომ დაუმძიმდეს სამართლებრივად მდგომარეობა, ანუ სასჯელის წლები გაეზარდოს?
არცერთ იმ პირთან, ვინც ეგრეთ წოდებულ ბიზნესსექტორს წარმოადგენენ, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს არანაირი სახის შემხებლობა არ ჰქონია და ეს დადასტურებულია საქმის მასალებითაც. თუკი ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, ნებისმიერი პირი, ვინც შეიძლება იყოს მსგავსი ქმედების მონაწილე, ის ჩართულია ამ ყველაფერში და იღებს მონაწილეობას, ეს ადამიანი ჩვეულებრივ ბრალეულ პირად უნდა განვიხილოთ.
არანაირი სახის ქრთამის მიღების ფაქტს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი არ ადასტურებს და უფრო მეტიც, არ არსებობს არანაირი სახის ობიექტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თუნდაც დღევანდელი მოწმის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, ქრთამის გადაცემასთან დაკავშირებით.
მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამგვარი ხასიათის დანაშაულზე, უნდა არსებობდეს სხვა ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულება, იქნება ეს ვიდეომასალა, სატელეფონო კომუნიკაცია თუ სხვა, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ინფორმაციას. მსგავსი ობიექტური, ნეიტრალური მტკიცებულება, რომლის გადამოწმების შედეგადაც დადასტურდებოდა მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად“,- განაცხადა ლანა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
