მსახიობი გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ძალიან ცელქი და ფათერაკებიანი ბავშვი იყო, ისეთი, მუდამ თავგადასავლებს რომ ეძებს და შარშიც ეხვევა. თინეიჯერობის პერიოდში კი ბევრი ისეთი საქციელი ჩაუდენია, რომლის მოყოლაც დღეს ცოტათი უჭირს და არ სიამოვნებს.
“ძალიან ცელქი და ფათერაკიანი ბავშვი ვიყავი. ამის გამო ხშირად ვეხვეოდი შარში და სულ თავგადასავლებში ვიყავი. ხშირად მოდიოდნენ ჩვენს სახლში სტუმრები, იშლებოდა სუფრები… შევძვრებოდი მაგიდის ქვეშ, ფეხსაცმელების თვალიერება მიყვარდა, იქ ჩემი სამყარო მქონდა… (იცინის). არ დამავიწყდება, ერთ დღესაც მოვიდნენ სტუმრები, გაიშალა სუფრა, შევძვერი მაგიდის ქვეშ და არც ვაციე და არც ვაცხელე, ერთ-ერთ სტუმარს ფეხებშუა ჩანგალი გავუქანე და ვდრუზე. შიგ კვერცხებში მოხვდა, მაგრამ გადარჩა. ჯინსები ეცვა და ჩანგლის წვერები ბოლომდე არ გაატარა, თორემ კი დავტოვებდი უშვილოს. ახლაც ამბობს ის ადამიანი: დღემდე მხოლოდ ჯინსის შარვლებს ვიცვამ, ამან გადამარჩინა, თორემ კაცი არ ვიქნებოდიო (იცინის). ხომ ასეთი ცელქი ვიყავი, მაგრამ, იმავდროულად მორცხვიც გახლდით. მაგალითად, მასწავლებელი დაფასთან რომ გამიძახებდა, გაკვეთილის მოყოლა მრცხვენოდა, არადა ვიცოდი (იცინის). ვინ წარმოიდგენდა, რომ მე მსახიობი გამოვიდოდი?” – აცხადებს ყიფშიძე
– წარმომიდგენია, შენი თავგასულობის, ფათერაკების და ოინების გამო როგორ გსჯიდნენ.
– მსჯიდნენ, მაგრამ არ მცემდნენ, უბრალოდ, მეჩხუბებოდნენ. ალბათ, მაინც მინდობდნენ გვარის გამგრძელებელს (იცინის). თუმცა, ერთადერთხელ, მამაჩემმა, ზურამ, სახეში ისე გამარტყა სილა, შორს გამიქნია და რომ მახსენდება, ახლაც მტკივა.
– ასეთი რა დააშავე, რომ წყობიდან გამოიყვანე?
– წყობიდან გამოვიყვანე კი არა, მოსაკლავი ვიყავი, მაგრამ დამინდო. მეც ბიჭების მამა ვარ და ღმერთმა დამიფაროს იგივე გავიგო, ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზამ. მოკლედ, სკოლის დროს ცუდი პერიოდი მქონდა და ხშირად მიწევდა მეგობრებთან ერთად ქურდებთან ასვლა, საქმის გარჩევა. ეს ყველაფერი მაშინ მუშაობდა. კლასელთან ვიჩხუბე, შემაგინა, შევაგინე, გავიწიეთ, გამოვიწიეთ და თან ვემუქრებოდი – ამას გიზამ, იმას გიზამ-მეთქი. მერე, უბანში მომთხოვეს: რომ იქადნებოდი ამას გიზამ, იმას გიზამ, ხომ არ უნდა შეირჩინო, გელოდებით, როდის იზამო. ერთი სიტყვით, რახან ვთქვი, სიტყვა შევასრულე, სისულელე ჩავიდინე და მომიწია იმ ბიჭის დაჭრა. თან, იმ მომენტში ვფიქრობდი, როგორ დავჭრა ისე, რომ არ მოკვდეს-მეთქი. ბოლოს ხელში დავჭერი და გავიქეცი. რამდენიმე დღეში მე, დედა და მამა მივდიოდით სტუმრად, ზურამ კარი გამოაღო და დახვდა ორი მოტირალი ქალი, ანუ იმ დაჭრილი ბიჭის დედა და ბებია. შემოვიდნენ სახლში და ზურას უთხრეს: თქვენმა შვილმა, ჩვენი ბიჭი დაჭრაო. არასოდეს დამავიწყდება ზურას სახე. აიჭრა, გაფითრდა, გაოგნდა… მომიტრიალდა და ისე მგლიჯა სახეში, გადავფრინდი.
– აღიარე დანაშაული?
– დავიწყე ტირილი, ძახილი: ტყუილია, ტყუილია, არავინ დამჭირია, მე არ მიქნია… მაგრამ ფაქტი იყო, მე ჩავიდინე. ღირსი ვიყავი და ზურამ გამარტყა. დღემდე ძალიან მიმძიმს იმ ფაქტის გახსენება. მადლობა ღმერთს, მეც მეყო ჭკუა, რომ მსუბუქად დავარტყი დანა და მადლობა ღმერთს, რომ გადარჩა.
– ამბობ, მაშინ ასეთ დრო იყო და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული და მძიმე ბავშვობის წლები გამოგივლია, გადარჩი და გზას არ ასცდი.
– მადლობა ღმერთს, რომ სერიოზული დანაშაულისგან დამიფარა. არადა, ხომ გითხარით, პატარაობისას ცელქი კი ვიყავი, მაგრამ მორცხვი და სხვათა შორის, ხშირად ვიფსამდი. ტუალეტში დიდი ბიჭები სიგარეტს ეწეოდნენ, პირველკლასელს კი მეშინოდა მათი და ვერ შევდიოდი. ვიკავებდი, როგორც შემეძლო. სკოლა სახლთან ახლოს იყო და გავრბოდი, რომ სახლში, ტუალეტამდე მიმესწრო. გიჟივით მივრბოდი, ავირბენდი მეხუთე სართულზე, კარზე ზარს ვრეკავდი და სანამ გამიღებდნენ, ვერ ვიკავებდი და ვიფსამდი. ერთ მშვენიერ დღეს, ასე გავრბივარ სახლში ჩანთით, ავირბინე სართულები და ვხედავ კარი ღიაა. ვიფიქრე მეშველა-მეთქი, შევვარდი სახლში, მივადექი ტუალეტის კარს, უნიტაზთან დავდექი და შარვალზე სანამ ღილები შევიხსენი, პირდაპირ უნიტაზის წინ ისევ ჩავიფსი. ასე რომ, ერთი წელი ქვეშაფსია ვიყავი, მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო (იცინის). სხვათა შორის, ამის გამო კომპლექსები მქონდა.
– თუმცა, ბავშვობის ამ კომპლექსებიანმა პერიოდმა ჩაიარა და „მომპარავი“ თინეიჯერი გახდი. ხომ ასეა?
– ხილიანზე, ისეთ უბანში ვცხოვრობდი და ისეთი დრო იყო, მოგეხსენებათ, 90-იანი წლები, ასე ცხოვრება მომიწია. მაშინ ბევრი უსამართლობა ხდებოდა და თავი უნდა გაგეტანა. გამხდარი ბიჭი ვიყავი, წვრილი და ყველგან ვეტეოდი. გარაჟებში ვძვრებოდი, აკუმულატორებსაც ვიპარავდი, ცუდი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არასოდეს დავუჭერივარ. უფრო სწორად, ისეთი ბავშვი ვიყავი და ისე ვუსხლტებოდი ხელიდან, ვერ დამიჭირეს (იცინის). დაჭერით – არა, მაგრამ ერთხელ გამომიჭირეს. ზაფხულში უსაქმურად ვიჯექით ბიჭები და მეზობლის სარდაფი გავტეხეთ. უკანა მხარეს ჰქონდა ფანჯარა და რკინის გისოსები. მივხერხ-მოვხერხე რკინები, შევიპარეთ ბიჭები და რაღაცები მოვიპარეთ. სასაცილო ის იყო, როგორ „დავიწვი“. მოკლედ, სახლში ავიტანე იმ სარდაფიდან გამოტანილი სარეცხის ფხვნილი და საპნები. ბებიაჩემი დედაჩემს ეკითხებოდა: შენ იყიდე ამდენი საპონიო? ასეთი საპონი არასოდეს გიყიდია, საიდან გაჩნდაო (იცინის). ჰოდა, ამ საიდან, საიდან ძახილში, გაირკვა, რომ გიორგიმ მოიტანა სახლში მოპარული ნობათი.
– სარდაფის მეპატრონე ვერ მიხვდა, ქურდობა ვინ ჩაიდინა?
– „დაჩაზე“ იყო და რომ ჩამოვიდა, მიიხედ-მოიხედა და რა დიდი ამოხსნა უნდოდა, ვინ იზამდა? ერთი კი თქვა: ყიფშიძე იქნებოდა, ესაა ყველგან რომ ძვრებაო. სხვათა შორის, თხილამურებიც მქონდა წამოღებული და დამაბრუნებინეს. ასე დასრულდა ეს ამბავი. ერთხელ, ზოოპარკიდან სპილოს დენი მოვპარე.
– სპილოს დენი როგორ მოპარე?
– რომ ვთქვი, ბევრი უსამართლობა ხდებოდა 90-იან წლებში-მეთქი, ამაში სპილოც მოვიაზრე. მოკლედ, ჩვენ, ადამიანებს, შუქი არ გვქონდა და ზოოპარკში, სპილოს ვოლიერი გაჩახჩახებული იყო. მე ვიჯექი ბნელ ოთახში და როგორც კი ბნელდებოდა, სპილოს ენთებოდა ნათურა. წავედი, ვიყიდე 200 მეტრი კაბელი, ავძვერი ვოლიერზე, გამოვჭიმე ჩემს აივნამდე და მოვპარე სპილოს დენი. ასე რომ, დავჯექი სპილოს ხაზზე და მთელი თბილისი რომ უკუნეთში იყო, მე დენი სულ მქონდა. მეზობლები შურით სკდებოდნენ, მეხვეწებოდნენ, ჩვენც მოგვეცი ცოტაო (იცინის).
– ალბათ, მათაც უწილედე მოპარული დენი…
– არავითარ შემთხვევაში! ვეუბნებოდი, ადექით, თქვენც მოპარეთ, მიდექ-მოდექით, რამე ქენით-მეთქი (იცინის). მოკლედ, უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობდი – სპილოს დენი ჰქონდა და მე – არა. ჰოდა, ვერ მოვითმინე ეს უსამართლობა და მოვპარე.
– 17 წლის ასაკში, მშობლებმა საქართველოს გაგარიდეს და სასწავლებლად უცხოეთში, კერძოდ, კვიპროსში გაგიშვეს. არ გაგიჭირდა დამოუკიდებლად ცხოვრება? იქ, ალბათ, საკუთარი შრომით გიწევდა ფულის გამომუშავება და მიძრომ-შეძრომ-გამოძრომაში შენი აღნაგობა ვეღარ დაგეხმარებოდა.
– გამარიდეს აქაურ ცხოვრებას და კვიპროსში, კოლეჯში სასწავლებლად გამიშვეს. ფული რომ მქონოდა, ძალიან ბევრ ადგილას მომიწია მუშაობა. მებაღეც ვიყავი, ბებერი მილიონერი კაცის ბაღს ვუვლიდი. ასე რომ, დღეს რომ დამჭირდეს, ბაღსაც მოვუვლი, ოფიციანტიც ვიქნები, მიმტანიც… ბევრგან მიმუშავია კიდეც, შრომა არასოდეს მეთაკილებოდა. ზაფხულობით, როცა თეატრში სეზონი იხურება, დღესაც ქობულეთში მივდივარ და ბარმენად ვმუშაობ, უკვე შვიდი წელია. მეკითხებიან ხოლმე: ასეთი რა გაგიჭირდა, რომ ბარმენად მუშაობო. ჯერ ერთი, რომ არ მიჭირდეს, არ ვიმუშავებდი და მეორეც – შრომა სათაკილო არ არის და არ ტეხავს, რომ ბარმენი ხარ. რატომღაც თვლიან, რომ ჩემი პროფესიის ადამიანები ძალიან შეძლებულები ვართ და ფუფუნებაში ვცხოვრობთ. არა, ბატონებო. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენც გვიჭირს, ჩვენც გვაქვს ვალები ჯიხურებში და ხანდახან ჩვენც ვითავსებთ სხვა პროფესიას.
წყარო: “თბილისელები”