ნასვამი მძღოლი მანქანას ვეღარ დაქოქავს – მთავრობა ავტომობილებში „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ დანერგვას გეგმავს – “BPN”-ის ცნობით ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული. Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ალკოჰოლური თრობა კვლავ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორად რჩება. 2025 წლის პირველ კვარტალში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა 109 შემთხვევაში დასახელდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად. აღნიშნულ შემთხვევებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 129 ადამიანი დაშავდა.
საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 98 923 578 ლარს.
