გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გადასცა. მეორე ადგილი – თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა, მესამე ადგილი კი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის გუნდმა დაიკავა. მათ შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონიამდე, პარაკალათბურთში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შეჯიბრებაც გაიმართა.
ჩემპიონატის დახურვისა და დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და ქალაქ ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი დაესწრნენ.
ტურნირში 19 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში ჩატარდა, ხოლო საფინალო ასპარეზობას ქალაქ ქუთაისში „შენგელია არენამ“ უმასპინძლა.
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3 კალათბურთში“ ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველ წელს ტარდება.
