ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა, – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში აცხადებს.
„ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგას დაესხმებოდნენ თავს და იმ ღამესვე, ვიდრე ექიმი დაუსვამდა დიაგნოზს, მანამ იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიორგი რიკაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა იძალადეს გიგაზე და გიგა გაითიშა. ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. სხვათა შორის, ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.
მან ასევე ისაუბრა ნია იმნაძის დაკავებაზეც და განაცხადა, რომ ჯერ საქმის მასალები არ აქვს და არ იცის კონკრეტულად, რა ახალი მტკიცებულებები გახდა ნია იმნაძის დაკავების საფუძველი.
„საქმის მასალები ჯერჯერობით გადმოცემული არ მაქვს, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ მე აქტიურად ვთანამშრომლობდი პროკურატურასთან გამოძიების განმავლობაში და ვიცოდი, რომ ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაციები აღდგა. „მეტასთან“ თანამშრომლობდა პროკურატურა, სახლში იყო ფარული მოსასმენი აპარატურა, რა მასალებიც ექსპერტიზისთვის იყო გადაცემული. ნია იმნაძის ტელეფონიდან საკმაოდ ბევრი მასალაა აღდგენილი. მაგრამ სავარაუდოდ, ახალი მტკიცებულებებიც გაჩნდა, რაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ზუსტად რა ფორმით, როგორ არის და რა მტკიცებულებაა, მე ჯერ ეს ხელთ არ მაქვს“ – აცხადებს ეკა კუპატაძე.
