“ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს, თან არავინაა დამნაშავე და ამავე დროს ყველა” – ამის შესახებ გიორგი სიორიძემ განაცხადა და ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ცოტახნის წინ “ზარდიაშვილი შესწირეს” დენის გათიშვას, თუმცა აღმოჩნდა, რომ სისტემა მოწყვლადია და კონკრეტული ჯგუფის ინტერესს ემსახურება.
უკვე მერამდენედ ხდება ენერგეტიკული კოლაფსი, მთელი საქართველო გაითიშა და პასუხად გვეუბნებიან რომ თურმე სატესტო ვერსიები ჰქონიათ – ადამიანები მეტროსადგურებში იყვნენ გაჩერებულები, გვირაბში მოუწიათ სიარული. […]
ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი ხარვეზი აქვს ჩვენ ელექტროსისტემას, რომელსაც ვერანაირი დაზღვევის მექანიზმით ვერ პასუხობენ, არ არის დივერსიფიკაცია, ერთი გადამცემი ხაზი თუ გაფუჭდება, დამზღვევი მექანიზმი იყოს სხვა ქსელების მეშვეობით.
ყველა მომწოდებელი, დისტრიბუტორი, ქსელის მართვაზე პასუხისმგებელი და მომხმარებლამდე მიმტანი კომპანიები ისეა არეული, რომ ყველა ერთმანეთისკენ იშვერს თითს, თან არავინაა დამნაშავე და ამავე დროს ყველა.
ცოტახნის წინ ზარდიაშვილი შესწირეს ამას, თითქოს ის იყო დამნაშავე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სისტემა მოწყვლადია, არ ემსახურება ქვეყნის სტრატეგიულ საჭიროებას, კონკრეტული ჯგუფის ინტერესს ემსახურება,” – განაცხადა სიორიძემ.
ცნობისთვის, 5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენი ისევ გაითიშა. სემეკ-ის წევრი ამტკიცებს, რომ შუქის გათიშვა ტესტირებას უკავშირდება.
ამასთან, დენი გამოირთო დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეც. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენგურჰესზე მომხდარი სისტემური ავარიის გამო აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის პროცესი უკვე დაწყებულია.
შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.
