2026 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში როგორც ჩატარებული კვლევების, ისე მიღებული ნიმუშების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებლები ლაბორატორიის საქმიანობის გაფართოებას, ახალი კვლევების დანერგვასა და ლაბორატორიული მომსახურების მიმართ გაზრდილ მოთხოვნას ასახავს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამმინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ლაბორატორიაში 124 084 კვლევა ჩატარდა, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 80 982-ს შეადგენდა. შედეგად, ჩატარებული კვლევების რაოდენობა 53%-ით გაიზარდა.
„კვლევების ყველაზე დიდი წილი კვლავ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე მოდის. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია თევზის დაავადებების კვლევები, რომელთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ოთხჯერ გაიზარდა. აღნიშნული ტენდენცია საქართველოში აკვაკულტურის სექტორის განვითარების პარალელურად, შესაბამის ლაბორატორიულ მომსახურებაზე გაზრდილ მოთხოვნას ასახავს.ზრდა დაფიქსირდა სურსათის კვლევების მიმართულებითაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია თაფლის ხარისხობრივი კვლევები, რომელთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ექვსჯერ გაიზარდა. ეს მაჩვენებელი მეფუტკრეებისა და ბიზნესოპერატორების მხრიდან ხარისხის კონტროლისა და ლაბორატორიული კვლევების მნიშვნელობის ზრდაზე მიუთითებს.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია ეტაპობრივად აფართოებს კვლევით შესაძლებლობებს, ნერგავს თანამედროვე დიაგნოსტიკურ მეთოდებს და აძლიერებს ლაბორატორიულ მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით. ამ პროცესის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებში სერვისების განვითარება და ახალი ლაბორატორიული სივრცეების შექმნა. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევის მეთოდების დანერგვას, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარებასა და მაღალი ხარისხის, სანდო და ხელმისაწვდომი ლაბორატორიული მომსახურების უზრუნველყოფას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
