დიდი მცდელობა იყო იმის, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ამა თუ იმ ფორმით საქართველო ჩართულიყო, ეს სწორედ იმ ძალების მოწოდება იყო, ვისთანაც დასავლეთში, 2008 წლის ომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ტრიბუნიდან ამბობდა, რომ მზად იყო, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლადიმერ პუტინს შეხვედროდა და ესაუბრა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმთ, ამ ძალებისთვის პუტინთან სხვა დამოკიდებულებაა და მათი აქაური აგენტურა სხვანაირად არის განწყობილი.
„არც 2008 წელს და არც ახლა მათი ქმედებები არ არის განპირობებული საქართველოს ეროვნული ინტერესებით, განპირობებული იყო იმით, რომ ისინი გარე დაკვეთით მოქმედებდნენ მაშინაც და ახლაც. საქართველო, როგორც მათი სამშობლო, მეორადი სუბიექტია. მათი უცხოელი პატრონების მიზანია, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანა. ეს ერთადერთი მიზნით ხდება, ეს ადამიანები მათ ნება-სურვილს ზუსტად აღასრულებენ. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა, რომ ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით მეორე ფრონტი გახდებოდა. ბუნებრივია, ამ ძალებისთვის საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ერთ-ერთი მიზანია. ამ ამოცანის მოსაღწევად ზუსტად იმ რიტორიკით უნდა იმოქმედოს, რასაც ავალებენ და რა დამოკიდებულებაცაა დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ამით არის განპირობებული და არა იმით, საქართველოს რა სჭირდება და ომის შემთხვევაში ქვეყანას რა მოუვა. მათთვის ეს მეორეხარისხოვანია. პუტინთან სასაუბროდ წინაპირობების გარეშე იყვნენ მზად, საქართველოს საზღვარზე იდგნენ და ქვეყანაში რუს ტურისტებს და ბიზნესმენს ეპატიჟებოდნენ. მაშინ, ამ პოლიტიკის მხარდამჭერი ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე და ა.შ. იყვნენ. ეს ყველაფერი დღეს აღარ ითვლება, რადგან სხვანაირი დავალებაა. მათი მიზანი იყო, რომ ეს ქვეყანა მეორე ფრონტის ხაზი გამხდარიყო, არ გახდა და ამიტომ ცდილობენ, რომ ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ქვეყანაში სტაბილურობა არ იყოს შენარჩუნებული. 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილი უკიდურესად შეშინებული იყო. ყველანაირად ცდილობდა, რომ რუსეთის და პუტინის გული მოეგო. მას სტრატეგიული ობიექტები, ზოგიერთი მათგანი ჩალის ფასად გადასცა. ამით ცდილობდა, რომ რუსეთისთვის დამატებითი კომპენსაცია გაეკეთებინა. როცა მოქმედებ არა ქვეყნის ინტერესებით, არამედ გარკვეული ძალების კონიუქტურული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ქვეყანა მძიმე დარტყმას იღებ. ახლა საქართველომ მოახერხა და მისი ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაიცვა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არც ერთი სტრატეგიული ობიექტი არ გაუსხვისებია და მით უმეტეს, რუსეთზე. საქართველომ ომის დროს მოახერხა, რომ მშვიდობა შეენარჩუნებინა და გარე და შიდა დესტრუქციული პოლიტიკის მიუხედავად ეკონომიკის განვითარება შეძლო.
2008 წლის ეს „გმირები“ საქართველოს ებრძვიან და თან ისევ იგივე მიზნით – რუსეთთან კონფრონტაცია და დაპირისპირება მოხდეს. მათ ჰგონიათ, რომ ამით შეიძლება ხელისუფლებაში მოტრიალდნენ. სააკაშვილმა ხელისუფლებაში დარჩენა რუსეთის თანხმობით მოახერხა, რაც პირდაპირ გამოიხატა საზღვარზე დგომით, ქვეყანაში მოპატიჟებით. პუტინმა სააკაშვილთან შეხვედრა საჭიროდ არც კი ჩათვალა, ეს კი, საზღვარზე იდგა და რუს ტურისტებს და ბიზნესს საქართველოში ეპატიჟებოდა. ჩვენ რუსეთუმე მთავრობა კი არ ვართ, ის მთავრობა ვართ, რომელმაც რუსეთს და არავის არ მისცა იმის საშუალება, რომ საქართველოში 2008 წლის ტრაგედია მომხდარიყო, არც რუსეთისგან პირდაპირი აგრესიის კუთხით და არც გარედან ვინმეს წაქეზების თვალსაზრისით. ის, რომ საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს, მათთვის რუსეთუმეობაა. ის, რომ დაგვმართოდა, რაც 2008 წელს საქართველოს დაემართა, მაშინ, მათი გაგებით პატრიოტი ქვეყანა ვიქნებოდით? – ეს ადამიანები აზროვნების დეგრადაციის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსები არიან“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
