სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა სტუდენტებს აკადემიური მოსწრების შენარჩუნება მოუწევთ.
საინფორმაციო პორტალი mshoblebi.ge უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესის და პირობების შესახებ მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაზე დაყრდნობით წერს, რომ სახელმწიფო შესაბამისს საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების სწავლის საფასურს სრულად დააფინანსებს, მაგრამ დაფინანსების სრული შენარჩუნება გარკვეულ მოთხოვნებთან იქნება დაკავშირებული.
დადგენილება იმ სტუდენტებზე გავრცელდება, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში 2026-2027 სასწავლო წლიდან ჩაირიცხებიან.
mshoblebi.ge-ის ინფორმაციით, დაფინანსება ორ ნაწილად იყოფა:
1. გარანტირებული საბაზო დაფინანსება – 50% – ყველა უფლებამოსილ სტუდენტს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს ავტომატურად უფინანსებს.
2. დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება – დარჩენილი 50% – ეს ნაწილი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.
პირველ და მეორე სემესტრში სტუდენტს ეს 50%-იანი დაფინანსებაც ავტომატურად უნარჩუნდება, მაგრამ მესამე სემესტრიდან საჭიროა წინაპირობის შესრულება.
„დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება უზრუნველყოფილია საბაზო დაფინანსებაზე უფლებამოსილი ყველა პირისათვის უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, შესაბამისი პირი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში (რომლის განმავლობაშიც პირს აქტიური სტატუსი ჰქონდა) დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა“, – წერია დადგენილებაში.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესამე და შემდეგ სემესტრებში 50%-იანი დამატებითი დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტმა წინა სემესტრში უნდა დააგროვოს სრული დატვირთვის მინიმუმ 80% კრედიტები. ანუ ამ კრედიტების შესაბამისი საგნები უნდა ჩააბაროს დადებითი შეფასებით.
თუ სემესტრული დატვირთვა არის 30 ECTS კრედიტი, სტუდენტს სჭირდება მინიმუმ 24 კრედიტის დაგროვება.
თუ ამ მოთხოვნას ვერ შეასრულებს ანუ ჩაიჭრება და 24 კრედიტს ვერ დააგროვებს, სახელმწიფო შეუწყვეტს დამსახურებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას და სტუდენტს მოუწევს სწავლის საფასურის დარჩენილი 50%-ის საკუთარი სახსრებით გადახდა.
უფრო კონკრეტულად, თუ სტუდენტმა ვერ შეასრულა 80%-იანი კრედიტების მოთხოვნა, 50%-იანი გარანტირებული დაფინანსება რჩება; კარგავს მხოლოდ მეორე 50%-ს – დამსახურებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას. მაგალითად: თუ სწავლა ღირს 4000 ლარი: 2000 ლარს სახელმწიფო მაინც დაფარავს; მეორე 2000 ლარი იქნება დამოკიდებული სტუდენტის კრედიტებზე.
ერთ საგანში ჩაჭრა დაფინანსების დაკარგვას არ ნიშნავს. მაგალითად, თუ სემესტრში აქვს 30 კრედიტი და ჩაიჭრა 5 კრედიტიან საგანში, მაგრამ დანარჩენი საგნები ჩააბარა და აიღო 25 კრედიტი, მაშინ სტუდენტი დაწესებულ მოთხოვნას ასრულებს, რადგან 25 კრედიტი მეტია 24 კრედიტზე (80%) და დაფინანსება უნარჩუნდება. მაგრამ თუ ჩაჭრილი საგანი დიდ კრედიტიანია და ჯამში დარჩა, მაგალითად, 23 კრედიტი – მაშინ უკვე ვერ დააკმაყოფილებს 80%-იან მოთხოვნას და მეორე 50%-იანი დაფინანსება შეუჩერდება“, – წერს mshoblebi.ge
მისივე ინფორმაციით, არსებული დადგენილებით დაფინანსების დაბრუნება შესაძლებელია.
კერძოდ, თუ სტუდენტმა დაფინანსება დაკარგა, მისი აღდგენა შეუძლია, მაგრამ ამისთვის შემდეგ სემესტრში უნდა დააგროვოს 100% კრედიტები (სრული დატვირთვა – ჩვეულებრივ 30 ECTS).
„ვის არ შეეხება ეს მოთხოვნა? – 80%-იანი აკადემიური მოთხოვნა არ გავრცელდება გარკვეულ ჯგუფებზე, მათ შორის: აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებზე; განათლების სამინისტროს შესაბამისი ინკლუზიური განათლების პროგრამების ბენეფიციარებზე; მკვეთრად, მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.
დაფინანსება გაგრძელდება პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობის განმავლობაში: 4-წლიანი ბაკალავრიატი – მაქსიმუმ 8 სემესტრი; 3-წლიანი ბაკალავრიატი – მაქსიმუმ 6 სემესტრი; მედიცინა – მაქსიმუმ 12 სემესტრი; მაგისტრატურა – პროგრამის ხანგრძლივობის შესაბამისად“, – ვკითხულობთ mshoblebi.ge-ს ინფორმაციაში.
საგანმანათლებლო პროგრამების ღირებულება სწავლის სფეროს მიხედვით განსხვავდება.
