„იმ დღეს საავადმყოფოში მორიგე ვიყავი, როცა დაჭრილი მოიყვანეს, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა ჭრილობით, ძლიერი სისხლდენა,“ – უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა, ლევან კონცელიძემ, რომელმაც 30 ივლისს სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა.
მკვლელობის მცდელობის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით პროკურატურა ტარიელ მ.-ს ედავება. საუბარია 2026 წლის 11 იანვარს, დაბა შუახევში მომხდარ შემთხვევაზე: დაზარალებულად მიჩნეული კაცი მობილური ტელეფონით, მესინჯერით ბათუმში მყოფ შვილს ესაუბრებოდა. ამ დროს მას, პროკურატურის ვერსიით, თავში ნაჯახი ჩაარტყეს.
„გვითხრა, რომ პირდაპირ მესინჯერით საუბრის დროს დაინახა, როგორ იყო მამა დალეწილი – ეს მის მიერ ნახსენები ტერმინია,“ – ეს მოსამართლეს ფსიქოლოგმა, თამარ ქამადაძემ უთხრა, მან შუახევში დაჭრილი კაცის შვილის [21 წლამდე პირი] ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მოამზადა ფსიქოლოგიური დასკვნა.
ფსიქოლოგის თქმით, დაზარალებულად მიჩნეულ გურამ დ.-ს, რომელმაც მამა „დალეწილი“ ნახა, არ დაუნახავს უშუალოდ დარტყმის მომენტი და ის, თუ ვინ ჩაარტყა მამას.
„ეს ტერმინი „დალეწილი“ შეფასდა, როგორც მატრამვირებელი გამოცდილება…,“ – განაგრძო ფსიქოლოგმა,“ – „ის არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, მან განიცადა ფსიქოლოგიური ტრავმა…
გვითხრა, რომ ტარიელ მ. [ბრალდებული] ჩემი ოჯახის ახლობელია და ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამას ჩაიდენდაო, მამა იმეორებდა, რომ თუ რამე დამემართება, იცოდე, ამ კაცის [ბრალდებულის] ბრალი იქნებაო.
გურამი [დაჭრილი კაცის შვილი] ამბობდა, რომ მამა გულისხმობდა ფინანსურ პრობლემას… მერე დავინახე, მამას სახე დალეწილი ჰქონდა, მამას ხელიდან ტელეფონი დაუვარდაო,“ – დაახლოებით ამ სიტყვებით აღნიშნა ფსიქოლოგმა ის, რაც დაჭრილი კაცის შვილისგან მოისმინა.
„გულწრფელი იყო, როცა ის ამას გიყვებოდათ?“ – ჩაეკითხა მოწმეს ბრალდებულის ადვოკატი, თეონა ნიკოლაიშვილი.
„ეს თანხვედრაში არ იყო ოქმში მონაყოლთან… რადგან არასრუწლოვანი იყო, თავი შევიკავე დამატებითი კითხვებისგან“, – ადვოკატს უპასუხა ფსიქოლოგმა.
