უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ერთი კვირის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 1 700-მდე დრონი, 1 630-ზე მეტი საჰაერო ბომბი და 95 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენეს.
ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ გაშვებული რაკეტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური იყო.
„ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ჯარებს ჰქონდეთ ამ თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. უნდა ჩავუშალოთ რუსეთს ბალისტიკურ ტერორზე აგებული გათვლა. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ანტიბალისტიკური რაკეტების პაკეტები დროულად მოვიდეს. თითოეული რაკეტა სიცოცხლეს იხსნის, თუ ის აქ, უკრაინულ სისტემებშია განთავსებული და არა პარტნიორების საწყობებში“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, წუხელ რუსებმა უკრაინის მიმართულებით რვა რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 136 დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა მათი უმეტესობა წარმატებით ჩამოაგდეს, მაგრამ არა ყველა.
„დარტყმები განხორციელდა ხერსონის, დონეცკის, დნეპრის, ხარკოვის, სუმის, ოდესის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ჩერნიგოვის ოლქებზე, ასევე კიევზე. დედაქალაქი ბალისტიკური რაკეტებით დაიბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა“, – წერს ზელენსკი.
