უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რუსეთის მოქალაქე ქალი, უკრაინაში ძებნილთა სიაში შეიყვანეს. მისი თქმით, ის რუსეთ ინფორმაციას აწვდიდა.
“რუსი ქალი, რომელმაც საქართველოში პროვოკაცია მოაწყო, უკრაინაში ძებნილად გამოცხადდა…არსებული ინფორმაციით, მან ინფორმაცია მტერს გადასცა და უკრაინაში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.სწორედ ამიტომ იმალებოდა ის მოსკოვში.ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები მალე გამოაქვეყნებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არის სინამდვილეში ეს ადამიანი.,” – წერს მამუკა მამულაშვილი.
ცნობისთვის, ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში 18 ივლისს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვადასხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა.
მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
