„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პოლიტიკოსი, ყოფილი გენერალური პროკურორი, მურთაზ ზოდელავა კლინიკაში რჩება.
მისივე თქმით, მურთაზ ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„მკურნალობას აგრძელებს კლინიკა „ვივამედში“, უტარდება აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები, იმყოფება ექიმ-ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ“,- აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავა პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ თავბრუსხვევით გასულ კვირას გადაიყვანეს.
მურთაზ ზოდელავას 4 ოქტომბრის საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.
