გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მისი მემკვიდრეების საკუთრებაში, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს თელავისა და ბათუმის ნგრევა და თუ ასე გაგრძელდება და ხალხი ხმას არ ამოიღებს, შემდეგი ოკუპირებულ აფხაზეთზე უარის თქმა და რუსეთზე გადაფორმება იქნება.
“მე მინდა, მივმართო დღეს ქართველებს, ჩემო ძვირფასო თანამემამულე ქართველებო, ვიცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალრიცხოვანმა დამპყრობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თქვენში გაექროთ განცდა, რომ ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ. პრაქტიკულად, ჩაგინერგეს, რომ ეს ქვეყანა დამპყრობლებისაა და თქვენ აქ დროებით ხართ, ხოლო დამპყრობლები მოვიდნენ და სარგებლობდნენ ამ ქვეყნის ყველა სარგებლით. მაგრამ, რამდენიმე ათწლეული გავიდა უკვე დამოუკიდებლობის შემდეგ და წესით, ეს უნდა ყოფილიყო საკმარისი იმისთვის, რომ თქვენში გაღვიძებულიყო ისე სამშობლოსადმი კუთვნილების და თქვენი სამშობლოს კუთვნილებისთვის ბრძოლა და საქართველოს თქვენდამი კუთვნილების განცდა და ინსტინქტი. ხოდა, ამიხსენით, რატომ აძლევთ დღეს საქართველოზე მომჯდარ ყაჩაღთა ბანდას, რომ ასე გაგძარცვონ, ასე დაგცინონ და ასე დაგამცირონ?
თბილისის, ბათუმის და თელავის დანგრევა მიმდინარეობს. გავატარებთ ამ ნგრევასაც? მაშინ იცოდეთ, შემდეგი იქნება ჩვენი ძირძველი მიწაზე, აფხაზეთზე ოფიციალურად უარის თქმა და მისი რუსეთზე გადაფორმება და შემდეგ გამოცხადდება ივანიშვილის ოჯახური დინასტია და საქართველო ოფიციალურად გადაფორმდება მისი მემკვიდრეების საკუთრებაში. ნოტარიუსი უკვე ადგენს ჭორვილაში შესაბამის დოკუმენტს და მასზე ისევ თქვენ მოგაწერინებენ ხელს – აი, იმ ხალხს, ვინც საკუთარი კალმისტრებით მიხვედით 2012 წლის არჩევნებზე და საქართველო გადაიყვანეთ გზიდან და აღმოჩნდა ჩიხში.
ამ სიტუაციაში მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, მე ეს ყველაფერი მოგეცით, ჩემი არაფერი მქონია აქედან, არც სახლი მაქვს საქართველოში, არც კარი. ყველა საჩუქარი, რომელიც მე მომცეს პირადად, სახელმწიფოს გადავეცი. მე ყველაფერი მოგეცით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ეს არის, მოგიწოდოთ, ძალიან გადამწყვეტი გაბრძოლებისთვის და რწმენისთვის, რომ ჩვენ ერთად ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
