ადვოკატი ომარ ფურცელაძე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს, რომ საქმეზე მოწმედ დაკითხული პირის ჩვენებები, მისი შეფასებით, საქმის მტკიცებულებების სტანდარტთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს.
“ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლის საქმის სტანდარტი რომ წარმოიდგინოთ #4:
მოწმე მოვიდა, ჟურნალისტი ვარო. სტატიებს ვწერო, მაგრამ არ ვაქვეყნებო. ხელფასიც მაქვს, ოღონდ არ მერიცხებაო.” – წერს ადვოკატი ომარ ფურცელაძე ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესიდან.
პროკურატურის მოწმე ნინო ონიანია. ონიანის მტკიცებით, აქვს ჩანაწერები, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიგურირებენ, თუმცა რა შინაარსისაა ეს ჩანაწერები, ის ამ შეკითხვებს მედიასთან არ პასუხობს.
საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.
მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.
