გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები დაკავებული პირის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. ახლობლებს აქვთ განცდა, რომ კაცს, რომელიც ავტომობილს ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართავდა, შესაძლოა, მუხლი გადაუკვალიფიცირონ.
დაღუპულების ოჯახი ითხოვს, 34 წლის კაცს უვადო პატიმრობა მიესაჯოს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც კაცმა დედა-შვილს ავტომობლი დააჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და დაშავებულებისთვის დახმარება არ გაუწევია.
დღეს გავრცელდა ვიდეოკადრებიც, რომელიც აღწერს რა ხდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე მაშინ, როდესაც 34 წლის ბიზნესმენი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა და დედა-შვილს შეეჯახა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ კაცი, რომელიც საჭეს მართავდა, მანამდე გადაჭარბებული სიჩქარის გამო სამჯერ იყო დაჯარიმებული. მან 16 წუთის განმავლობაში საგზაო წესები სამჯერ დაარღვია.
“12 წელი რა არის? ქურდებს აძლევენ 17 და 20 წელს, ორი ადამიანი მოკლა და 7 წელი, მერე გაუნახევრდეს და 3 წელიწადში გამოვიდეს, ოჯახები, მგონია 1 წელზე მეტს არ გაატარებინებენ შიგნით. შეძლებული ოჯახია და რა თქმა უნდა. ამ მუხლით, რომლითაც დაიწყეს ძიება შეუძლებელია, მკვლელობა მოახდინა და სატრანსპორტო წესების დარღვევის მუხლი აქვს მიყენებული. პირობითი ჰქონდა, მთვრალი იყო, გზაზე მიატოვა. რომ შეაყენა მანქანა, მერე უკან დაძრა. უკან რომ არ დაეძრა, იქნებ ცოცხლები გადარცენილიყვნენ და გაიქცა ადგილიდან, უბედურებაში მიატოვა. ქვეყანა მუხლებია, რის გამოცა უვადო ეკუთვნის და არა 4-დან 7 წლამდე. ჩვენ ამას არ შევეგუებით, გამორიცხულია” – ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.
მძიმე ავარია გორის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, მიღებული დაზიანებებით დედა-შვილი კლინიკაში გარდაიცვალა. 35 წლის კაცს ბრალს დღეს წინასწარი დაკავების იზოლატორში წაუყენებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
