ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ განახლებული სისხლის სამართლის საქმის გამო შეშფოთებას გამოთქვამს – მაიკლ ო’ფლაჰერტი აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორს, კამრან ალიევს, ოფიციალური წერილით მიმართავს.
ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
ო’ფლაჰერტი ითხოვს განმარტებას, რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა სადიგოვის წინააღმდეგ საქმე, რომელიც აზერბაიჯანის პროკურატურამ თავად შეწყვიტა 2026 წლის 1 აპრილს.
მაიკლ ო’ფლაჰერტი გენერალურ პროკურორს სთხოვს განმარტოს: რა სამართლებრივი საფუძვლით განახლდა შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმე; რა ახალი მტკიცებულებები ან გარემოებები გახდა საქმის ხელახლა გახსნის საფუძველი; რატომ მიიჩნია გამოძიებამ, რომ აუცილებელი იყო სადიგოვის წინასწარი პატიმრობა; როგორ არის უზრუნველყოფილი მისი ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს, ადვოკატთან წვდომისა და არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლება.
კომისარი ასევე იხსენებს, რომ მან ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს წერილით მოუწოდა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ყველა უფლებადამცველი, ჟურნალისტი და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, რომლებიც, მისი შეფასებით, კანონიერი პროფესიული საქმიანობის ან კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის გამო არიან დაპატიმრებულები, და შეეწყვიტა მათ წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები.
წერილში აღნიშნულია, რომ ასეთი გარემოებები სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი განსაზღვრულობის, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლო თვითნებურობის შესახებ.
