თბილისის მერიის მიერ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერებში შპს „სმარტ სოლუშენსმა“ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ამჟამად ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
მერიას გამზირის განახლებისთვის ჯამში სამი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, სამივე ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – „სმარტ სოლუშენსმა“ მიიღო. კომპანიამ სამივე მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულებად ჯამში 19.8 მლნ ლარამდე დაასახელა.
უფრო კონკრეტულად, ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე რეაბილიტაციისთვის „სმარტ სოლუშენსის“ მიერ დასახელებული თანხა 7 921 830 ლარია.
მეორე ტენდერის რეაბილიტაციის ღირებულებად, რომელიც კოსტავას ქუჩის და რუსთაველის გამზირის (თ. ჭოველიძის ქუჩიდან – სავაჭრო ცენტრ „მერანამდე’’) მონაკვეთს მოიცავს, კომპანია 6 070 152 ლარს ასახელებს.
მესამე შესყიდვა ითვალისწინებს სავაჭრო ცენტრ „მერანიდან“-ბესიკის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას. ამ შემთხვევაში სამუშაოების შესრულების ფასად „სმარტ სოლუშენსმა“ 5 781 000 ლარი დაასახელა.
რაც შეეხება თავად კომპანიას, „სმარტ სოლუშენსი“ სამეწარმეო რეესტრში 2015 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორები ლევან გოგსაძე და გურამ კეკუა არიან. ბიზნესის 100%-იან წილსაც გოგსაძე ფლობს.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მიმდინარე წელს მონაწილეობა მიიღო 8 სახელმწიფო შესყიდვაში, საიდანაც მხოლოდ სამში (რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია) გაიმარჯვა.
