ბოლო 3 თვეა, საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება – ინფორმაციას გამოცემა bpn. ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ თუ 2026 წლის თებერვალში საქართველოში 9.267 მლნ აშშ დოლარის 623 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა, მარტში ამ მაჩვენებელმა 16.350 მლნ აშშ დოლარის 1 101 ერთეული შეადგინა (რაც წინა თვესთან შედარებით რაოდენობრივად 76.7%-იანი ზრდაა).
მათივე ინფორმაციით, ბოლო სამი თვეა იმპორტის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება – მაგალითად, თუ აპრილში ქვეყანაში 16.580 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 1 189 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა, მაისში ამ მაჩვენებელმა 17.578 მლნ აშშ დოლარი, 1 243 ერთეული შეადგინა. საქსტატის მონაცემების თანახმადვე, წელს ერთი ელექტრომობილის საშუალო თვითღირებულება შემცირებულია. კერძოდ, 2026 წლის ხუთი თვის საშუალო მონაცემებით ერთეულის ღირებულება 14.8 ათას აშშ დოლარამდე იყო, წინა წლის იგივე პერიოდში კი – 17.3 ათას დოლარზე მეტი.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მაისში ელექტრომობილების იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
• აშშ – 48.159 მლნ აშშ დოლარის 3 740 ერთეული
• ჩინეთი – 12.124 მლნ აშშ დოლარის 533 ერთეული
• გერმანია – 4.502 მლნ აშშ დოლარის 46 ერთეული
• იაპონია – 2.136 მლნ აშშ დოლარის 257 ერთეული
• კანადა – 905 ათასი აშშ დოლარის 63 ერთეული
