საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 54 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. უახლესი სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს, ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის: იანვარში – 232, თებერვალში – 312, მარტში – 360, აპრილში – 401, მაისში – 340 და ივნისში – 391 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
