ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო – ინფორმაციას “პირველების” რედაქცია “ტვ პირველის” გადამღები ჯგუფისგან იღებს, რომელიც ვენაში მიმდინარე ALDE-ს ყრილობას აშუქებს.
“პირველების” კორესპოდენტის ცნობით, დოკუმენტში ერთი შესწორება შევიდა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.
დოკუმენტი “გმობს საქართველოს სუვერენული ტერიტორიის გაგრძელებულ ანექსიას და ოკუპირებული ტერიტორიების, ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის, ინტეგრაციის (ანექსიის/მიერთების) მცდელობებს”.
დოკუმენტში ორი ძირითადი მიმართულებაა – ერთის მხრივ შეფასებულია საქართველოში არსებული ვითარება და მეორეს, მხრივ, “ალდე” აყალიბებს, თუ სად არის გამოსავალი.
პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხა სახელმწიფოებიდან არიან, თანხმდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა არასწორი გზით მიჰყავს – დოკუმენტის სათაურშივეა გამოტანილი” რუსეთისკენ მიმავალი გზა, ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბება”.
მეორეს მხრივ ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა ერთიანი და მკაფიო პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს “ივანიშვილის რეჟიმის” წინააღმდეგ” .
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას თავისი სურვილის მიმართ, გახდეს ევროკავშირის წევრი.
რეზოლუციის პროექტში შეშფოთებაა გამოთქმული, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დაპატიმრებების სერიის მიმართ, რომელიც მიმართულია, როგორც პოლიტიკოსების, ისე აქციის მონაწილეების მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში რეზოლუციაში ნახსენები არიან, როგორც ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ისე „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
ALDE -რეზოლუციის პროექტში მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები, როგორც მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, ისე „ივანიშვილის რეჟიმის“ ხელის შემწყობებსა და დამფინანსებელ ქსელებზე.
აქვე, ALDE რეკომენდაციას უწევს “მკვეთრი ზღვრის შენარჩუნებას რეჟიმსა და საქართველოს მოსახლეობას შორის, იმით, რომ არ იქნას გაუქმებული უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის”.
