ბრალდებულმა მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ის ნამდვილად ჩემზე თავდამსხმელია,- ამის შესახებ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ მის მიმართ აქციაზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გურამ როგავამ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, აქ დღეს იმ მიზნით მოვიდა, რომ თვალებში ჩაეხედა იმ ადამიანისთვის, რომელიც მის საქმეზეა დაკავებული, მაგრამ ამ ეტაპზე „არ არის დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი ნამდვილად მასზე თავდამსხმელია“.
„13 ივლისს, 13:00 საათზე პროცესზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება, ოღონდ მტკიცებულებები ბრჭყალებში. ერთადერთი, რაც „ფორმულას” მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, არის – პროკურატურისა და შსს-ს შორის მიმოწერის ოფიციალური დოკუმენტაცია და აღიარებითი ჩვენებები. მეტი საქმეში არაფერი არ არის.
მე, აქ დღეს იმ მიზნით მოვედი, რომ თვალებში ჩამეხედა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემს საქმეზეა დაკავებული, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ადამიანი ნამდვილად თავდამსხმელია. ვიდეოში ასახული პირისა და სასამართლო დარბაზში მყოფი პირის ფიზიკური მონაცემები, ჩემი ხედვით განსხვავებულია, ეს ბევრად მომცრო ტანისაა. შესაბამისად, კითხვები მაქვს.
ბრალდებულმა მომმართა და მითხრა, რომ ბოდიშს მიხდის, მაგრამ მაქვს საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ის ნამდვილად ჩემზე თავდამსხმელია”,- განაცხადა გურამ როგავამ.
ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.
ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.
ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმიდან ლევან ხაბეიშვილის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
