საავიაციო სექტორშიც გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აეროპორტების გაერთიანების შესყიდვების ოპტიმიზაციის შედეგად ერთჯერადად დაიზოგა 70 მილიონი ლარი, საკადრო ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში დაიზოგა 720 000 ლარი.
„ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები წარიმართა კომპანია TAV-თან და ADP-თან თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. გაგრძელდა ხელშეკრულება 5 წლის ვადით და ამ კონტრაქტის გაგრძელების შედეგად აეროპორტების გაერთიანებამ ერთჯერადად მიიღო 25 მილიონი დოლარის შემოსავალი. უზრუნველყოფილი იქნა 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის მოზიდვა. ამ ყველაფრის შედეგად თბილისის მოქმედი აეროპორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება 53%-ით. ამ ხელშეკრულების შედეგად ოთხჯერ გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სახელმწიფოს წლიური შემოსავლები. აქაც მადლობა ეკონომიკის სამინისტროს იმისათვის, რომ ძალიან ეფექტიანად წარიმართა მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.
ქუთაისის აეროპორტში დაინერგა საზღვრის კვეთის ელექტრონული სისტემა და მგზავრის გატარების დრო შემცირდა სამჯერ. ქვეყანაში მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობა გაიზარდა 62-იდან 82-მდე, 20 ახალი ავიაკომპანია დაემატა ქვეყანას, ვინც ოპერირებს საქართველოში. ავია მიმართულებების რაოდენობა გაიზარდა 109-იდან 125-მდე. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ძალისხმევის შედეგი, მათ შორის დაგვემატა პეკინის, შანხაის, ლონდონის, ჟენევის მიმართულებები, მთელი რიგი სხვა მიმართულებები. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 18 ავიაკომპანიასთან ბაზარზე ოპერირების დაწყებისა და ავია მიმართულებების დამატების მიზნით.
სამოქალაქო ავიაციაში გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა 54%-ით გასული წლის განმავლობაში. გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა 14%-ით. ჩვენმა აეროპორტებმა გასულ წელს რეკორდული რაოდენობის, 8.5 მილიონი მგზავრი გაატარა. რეისების რაოდენობა გაიზარდა 17.5%-ით. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან სიტყვით გამოსვლაში ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტი 20 მლნ მგზავრს მოემსახურება.
მისივე თქმით, მალე დაიწყება თელავის აეროპორტისა და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა.
„აქტიურად ვმუშაობთ ვაზიანში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე. ჩვენი ვარაუდით, მშენებლობის პროცესი დაიწყება მომავალი წლის ბოლოს და დასრულდება 2031 წლის ბოლოს. მას შემდეგ, რაც ამოიწურება არსებულ აეროპორტთან ხელშეკრულება, უკვე დაიწყებს ოპერირებას ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც მოემსახურება დაახლოებით 20 მლნ მგზავრს. ჩვენ გვაქვს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გაიზრდება მგზავრთნაკადი ჩვენს ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, ამას უნდა უპასუხოს თბილისის ახალმა საერთაშორისო აეროპორტმა.
ასევე მალე დაიწყება თელავის აეროპორტისა და მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. მშენებლობის დაწყება იგეგმება ოქტომბერში და დასრულება ნავარაუდევია 2028 წლის ბოლომდე. ახალი აეროპორტი გვექნება თელავში შიდა ავიამიმოსვლისთვის და გვექნება მესტიის აეროპორტში სრულიად ახალი ტერმინალი“, – აღნიშნა კობახიძემ.
