თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, პოლიტიკური ლიდერების პროცესი გაიმართება. უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი.
ცნობისთვის, წინა სხდომაზე მოსამართლე მახარობლიძემ ბექა ბასილაია პროცესიდან გააძევა.
მიხეილ სააკაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი უნდა დაენიშნოს, რომელსაც საქმის მასალების გაცნობისთვის მხოლოდ ორი დღე ჰქონდა. ამასთან უფლებადამცველს მესამე პრეზიდენტი ჯერ არ შეხვედრია, შესაბამისად არ არის გამორიცხული მან საზოგადოებრივი ადვოკატის დაცვაზე უარი განაცხადოს.
პროცესის დაწყებამდე “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ დაცვის და ბრალდების მხარე რომ თანაბარ პირობებში იყოს, ამ საქმეზე სასამართლო განხილვა საერთოდ არ იქნებოდა.
“ჩვენ რომ თანაბარ პირობებში ვიყოთ, პროკურატურა და ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს ეს დევნა, ცხადია, რომ ეს პროცესი არ იქნებოდა დღეს იმიტომ, რომ არანაირი საფუძველი ამ პროცესისთვის არ არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის გაგრძელება იმ ურთიერთგაგებაზე აწყობილი პოლიტიკური ველის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ეს უნდა დასრულდეს იმიტომ, რომ ამას ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს,” – ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, მოსამართლე მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, სხდომა დახურულია მათ შორის მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც და 45 ტომიდან დღემდე ვერ გაიგეს, რომელი რომელს მიემართება, შესაბამისად “ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვინ არის მოსამართლე და რა გადაწყვეტილებებს იღებს”.
“მოსამართლე არ აკმაყოფილებს არცერთ შუამდგომლობას, რომელსაც აყენებს დაცვის მხარე და აკმაყოფილებს ყველა შუამდგომლობას, რომელსაც აყენებს პროკურატურა, ხომ გასაგებია. გარდა ამისა საქმის მასალებში არის სრული ქაოსი, 45 ტომია და დღემდე ვერ გავარკვიეთ ამ ტომებიდან რომელი ვის მიემართება. სხდომა არის დახურული და რატომ არის დახურული, არის სრულიად აუხსნელი, მეორე, სხდომას არ ხსნიან არც მედიისთვის მარტო და სხდომას არ ხსნიან არც მარტო საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უნდა დააკვირდნენ ამ პროცესს, როცა ასამართლებენ მთელ ოპოზიციურ სპექტრს პრაქტიკულად. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, ვინ არის მოსამართლე და რა გადაწყვეტილებებს იღებს.
[მოწმეებს] უჭირთ არა მარტო იმის თქმა ვინ სად იყო, არამედ რა სიტუაცია იყო, სცენა იყო, მიკროფონი იყო, მეგაფონი იყო და ა.შ.. მე როცა ვარ აქციაზე მიღებს 25 კამერა და და 50 ტელეფონი, საათობით ვიდეო-ჩანაწერი მაქვს მოტანილი, ერთი ჩანაწერი დადონ, სადაც მე რამე მსგავსს ვაკეთებ, ან ვლაპარაკობ,ლ ან მე ან ნებისმიერი სხვა. მე კი არა ბადრი ჯაფარიძეს აბრალებენ სისულელეებს,” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
კოალიცია “ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, ყველაფერი წინასწარ არის გადაწყვეტილი – “აგროვებენ პატიმრებს, როგორც ყოველთვის, ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებს მუდმივად სავაჭროდ”.
“გადაწყვეტილია ყველაფერი წინასწარ, გინდა დასვი შეკითხვა გინდა არა, პასუხსაც არ აქვს მნიშვნელობა. შეკვეთილი პროცესია ჩვეულებრივი, ისე მორჩება, როგორც ყველა წინა პროცესი მორჩა. მე კი არ ველოდები [დაკავებას], ეგრე იქნება. აგროვებენ პატიმრებს, როგორც ყოველთვის, ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებს მუდმივად სავაჭროდ, უბრალოდ მე არ მივცემ პირადად ჩემით ვინმესთან ვაჭრობის შესაძლებლობას, ეს გამორიცხულია. მჯერა, რომ სხვებიც ასე მოიქცევიან,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
