ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ევროპაში მიმდინარე ძლიერი სიცხეების ფონზე, რეგიონის ლიდერებს კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ხაზი გაუსვა, რომ ანომალიური სიცხე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას და იწვევს საგანმანათლებლო დაწესებულებების დახურვას.
ჯანმოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ არსებული მონაცემები საგანგაშოა, ვინაიდან ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით ორჯერ სწრაფად იმატებს, რაც მომავალში ექსტრემალური სიცხის ალბათობასა და სიმწვავეს მნიშვნელოვნად ზრდის.
ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ შემდგომი დაყოვნება დაუშვებელია და ლიდერებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ კლიმატურად მდგრადი ჯანდაცვის სისტემების შექმნას.
მისი თქმით, მთავრობებმა დაუყოვნებლივ უნდა დააჩქარონ კლიმატური ქმედებები და მიმართონ ძალისხმევა კლიმატური კრიზისის გამომწვევი ძირითადი მიზეზების აღმოფხვრისკენ.
