ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი სისტემური ძალადობა: მშვიდობიან აქციებზე, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, არაერთი თავდასხმა დაკავებულებზე, ვნახეთ მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები – ამ ყველაფრის ფონზე დღეის მდგომარეობით ორი წლის შემდეგ დაკავებულია მხოლოდ 5 პირი – საინტერესოა, თქვენი შეფასება, – ამ კითხვით მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიგა ფარულავამ გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს, რომელიც პარლამენტში ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს [IPN].
ფარულავას თქმით, აღნიშნული ფაქტები მოცემულია როგორც სახალხო დამცველის დასკვნაში, ასევე, არაერთ საერთაშორისო შეფასებებში.
„ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ არაერთი სისტემური ძალადობა: მშვიდობიან აქციებზე, მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, არაერთი თავდასხმა დაკავებულებზე, ვნახეთ მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტები, რაც დადასტურებული და მოცემულია ასევე სახალხო დამცველის დასკვნაში. ასევე, არაერთ საერთაშორისო შეფასებებში. ამ ყველაფრის ფონზე დღეის მდგომარეობით ორი წლის შემდგე დაკავებულია მხოლოდ 5 პირი. საინტერესოა, თქვენი შეფასება ეთანხმებით თუ არა სახალხო დამცველის ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ რეალურად დაირღვა ადამიანის უფლებები – თუ გრძნობთ პასუხისმგებლობას შერჩევით მართლმსაჯულებაზე როდესაც ვსაუბრობთ. ამ ფონზე 2 წლის შემდეგ მხოლოდ 5 მოძალადე პირია დაკავებული“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
ამ კითხვის შემდეგ გიგა ფარულავამ აღნიშნა, რომ მისი შემდეგი კითხვა გორში მომხდარ ფაქტს შეეხებოდა, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მას კითხვის დასმა შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით კითხვების დასმა არ შეიძლება.
ფარულავას თქმით, ეს ის ფაქტობრივი გარემოებებია, რაც მოქალაქეებისთვის ისედაც საჯაროა.
ფარულავამ გიორგი გვარაკიძეს გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჰკითხა, აღნიშნული შემთხვევა გადაცდომად მიაჩნია თუ სისტემურ დანაშაულად.
„მარტივად ავხსნი – ეს ის ფაქტობრივი გარემოებებია, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ისედაც საჯაროა. მე არ ვითხოვთ ამ სისხლის სამართლის საქმეებზე კონკრეტული ახალი გარემოებების გასაჯაროებას ან მოთხოვნას, უბრალოდ შეფასებითი ნაწილი მაინტერესებს პროკურორის მხრიდან.
რაც შეეხება გორში მომხდარ მძიმე დანაშაულს, საზოგადოებამ ნახა, რომ პოლიციელების მიერ ჯგუფურად მოხდა სასტიკი ძალადობა მოქალაქეზე. იმ ფონზე, როდესაც ერთი კონკრეტული უწყების რამდენიმე თანამშრომელი ერთად ძალადობს რიგით მოქალაქეზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს, როგორც „ოცნება“ აფასებს არის მცირე გადაცდომა და ინციდენტი თუ ეს არის სისტემური ძალადობის გამოძახილი, რაზეც წინა კითხვაში ვსაუბრობდი. ასევე, როდესაც ერთი კონკრეტული უწყების რამდენიმე თანამშრომელი მონაწილეობს მსგავსი ტიპის ძალადობრივ აქტში, რატომ არ გახდა ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოძიების საგანი?„, – განაცხადა გიგა ფარულავამ.
ამის შემდეგ არჩილ გორდულაძემ გიგა ფარულავას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ მისი ნათქვამი კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე კითხვის დასმაა.
„შევთანხმდეთ, რომ პასუხების გაცემა ყველას შეგვიძლია და დარწმუნებული ვარ, ბატონ გიორგის რა რა და კითხვაზე პასუხის გაცემა და საჯარო გამოსვლები ნამდვილად არ უჭირს. პარლამენტის ყველა წევრს და დამსწრე საზოგადოებას განვუმარტავ, რომ პარლამენტის რეგლამენტში არსებობს 168-ე მუხლი, სადაც წერია, რომ ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვის დასმა არ შეიძლება. გამოძიება რატომ დაიწყო ან არ დაიწყო, ბატონო გიგა, ცალკეული გარემოებაა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
აღნიშნულ განმარტებაზე გიგა ფარულავამ არჩილ გორდულაძეს უპასუხა, რომ კითხვას დაასაბუთებდა, თუმცა გორდულაძემ აღნიშნა: „წესი წესია და გთხოვთ, თავი შეიკავოთ“.
ამის შემდეგ ფარულავამ მორიგი კითხვა დასვა, რომელიც 20 ივნისს შეეხებოდა.
„ბატონო არჩილ, დარწმუნებული ვარ, პროკურორს თქვენი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება მიუხედავად იმისა, რომ გუშინ სახალხო დამცველს თქვენი დაცვა ნამდვილად სჭირდებოდა.
შემდეგი კითხვა 20 ივნისს ეხება – ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც ისედაც საჯაროა და ახალ გარემოებებს არ ვითხოვთ. საქმე საპარლამენტო ზედამხედველობას ეხება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთ რეზონანსულ საქმეზე, აქ მხოლოდ ციფრებზე და სტატისტიკაზე არ უნდა გვიწევდეს საუბარი.
ბატონო გიორგი, თქვენი უწყების მიერ გამოტანილი ბრალის შესახებ დადგენილებით დადასტურებული გაქვთ, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ განკარგულება არ გაუცია“, – განაცხადა გიგა ფარულავამ, რა დროსაც მას კითხვის დასმა კვლავ არჩილ გორდულაძემ შეაწყვეტინა.
გორდულაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ვერ მისცემს ისეთი კითხვის დასმის საშუალებას, რომელიც ცალკეულ საკითხებთან არის დაკავშირებული.
„ბატონო გიგა, მგონი გასაგებად ვსაუბრობ. ვერ მოგცემთ ისეთი კითხვის დასმის საშუალებას, რომელიც ცალკეულ საკითხებთან არის დაკავშირებული. მე არა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“, – განაცხადა გორდულაძემ.
გიგა ფარულავამ კი განმარტა, რომ ის არ ითხოვს კონკრეტული ახალი გარემოების შეფასებას და რასაც კითხულობს, დამდგარი ფაქტია.
გორდულაძემ კომიტეტის აპარატის წევრებს მიმართა, რომ გიგა ფარულავას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 168-ე მუხლი ამოუბეჭდონ, გაუხაზონ პირველი და მეოთხე პუნქტები და გადააწოდონ.
„კომიტეტის აპარატს ვთხოვ, რომ ბატონ გიგას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 168-ე მუხლი ამოუბეჭდოს, გაუხაზოს პირველი და მეოთხე პუნქტები და გადააწოდოს. მოსმენილის გაგების პრობლემა რადგან გვაქვს მაშინ წაიკითხოს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ, რის შემდეგაც გიგა ფარულავამ განაცხადა, რომ კოლეგებს დროს აღარ დააკარგვინებდა და კითხვის დასმა პლენარულ სხდომაზე გააგრძელებდა.
