თურმე ნანუკა ჟორჟოლიანის მხრებით არის გადასარჩენი “ნაციონალური მოძრაობა” – ეს ძალიან კარგად აჩვენებს ამ პარტიის მდგომარეობას, საერთოდ გასულია მომსახურების ზონიდან, მოწყვეტილია საზოგადოებას, – ამის შესახებ ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენადაც არასერიოზულია, იმდენად არასერიოზულია მთლიანად “ნაციონალური მოძრაობა”.
რაც შეეხება “ოპოზიციურ ალიანსს”, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე თვეში ახალი გაერთიანება ვიხილოთ, “ახალი ლოგოთი და ახალი ფერებით”.
“ნანუკა ჟორჟოლიანის გადასარჩენი რომ იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, კარგად აჩვენებს ამ პარტიის მდგომარეობას. რამდენადაც არასერიოზულია ეს ადამიანი, იმდენად არასერიოზულია მთლიანად “ნაციონალური მოძრაობა”. რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციურ ალიანსს – ყველამ იცოდა, რითაც დამთავრდებოდა. კიდევ ერთი არაფრის მომცემი 2-3-თვიანი დრამა, რომელიც ლოგიკური დასასრულით დასრულდა. სავარაუდოდ, ზაფხულს გადაატარებენ და კიდევ მერე ახალ ასეთ ალიანსს ვიხილავთ, ახალი ლოგოთი და ფერებით. ბევრი სხვადასხვა ტიპის, მოტივაციის დასაწყისი ვნახეთ, მაგრამ საზოგადოებამ ნახა, რომ დასასრული არის ერთი და იგივე.
ნანუკა ჟორჟოლიანი არასერიოზული პიროვნებაა, აღარაფერს ვამბობ მის პოლიტიკურად დანაშაულებრივ წარსულზე. ერთი მხრივ, სრულიად ლოგიკურია, როდესაც ერთნაირი წარსულის, ბუნების და ხასიათის ადამიანები იკრიბებიან, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანის მხრებით არის თურმე “ნაციონალური მოძრაობა” გადასარჩენი, ეს ძალიან კარგად აჩვენებს ამ პარტიის მდგომარეობას. საერთოდ არის გასული მომსახურების ზონიდან, საერთოდ მოწყვეტილია საზოგადოებას, საზოგადოებრივ საჭიროებებს,” – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.
