სახიფათო თამაშის ტრენდმა, რომლის დროსაც არასრულწლოვნები ერთმანეთს გონებას მიზანმიმართულად აკარგვინებენ, მსოფლიო მოიცვა. ბავშვები ამ ბოროტ ხუმრობას მობილური ტელეფონებით იღებენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებენ.
ტრენდს, რომელსაც თამაშთან რეალურად არაფერი აქვს საერთო, უკვე ათობით მსხვერპლი და ასობით დაშავებული ჰყავს. მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი აქვს. გამონაკლისი არც საქართველოა.
მოზარდების გარკვეული ჯგუფების ამ სახიფათო ინტერესის მძიმე შედეგებზე ექიმები საუბრობენ. თამაშს საქართველოშიც არაერთი დაზარალებული ჰყავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან ბავშვები ხშირ შემთხვევაში ამ ბოროტი ხუმრობისა და მისი შედეგების შესახებ არაფერს ამბობენ.
„აშშ-ში დაფიქსირებულია 72 გარდაცვალების შემთხვევა. ეს არის სიკვდილთან თამაში და არავინ იცის გადარჩები თუ არა. სულ მინიმუმ 8 შემთხვევა იყო, რაც უკავშირდება სახიფათო თამაშს, აქედან 6 შემთხვევაში მცირეხნიანი
ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდა და გაეწერნენ ბინაზე. ერთ შემთხვევაში იყო დაზიანებული სახის ძვლები და მეორე შემთხვევა უკვე მძიმე იყო, იქ რეანიმაციული ღონისძიებებიც დაგვჭირდა, ნეიროქირურგიული ოპერაციაც დაგვჭირდა. ეს არ არის უსაფრთხო, მხოლოდ გართობა, ეს არის
ძალიან მაღალი რისკის შემცველი „თამაში“, რომელსაც შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს.
გარკვეულ მომენტში ტვინი არ იღებს შესაბამისი რაოდენობის სისხლს, ჟანგბადს და ტვინის დაზიანების შესაძლებლობა ძალიან მაღალია და ნერვზე ზეწოლამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის ცემის მკვეთრი შემცირება და გულის გაჩერებაც კი. ამ თამაშის შემდეგ ვიღებთ თავის ტვინის, გულის დაზიანების და სიკვდილის რისკს“, – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე.
