კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ დიუშენის სინდრომის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედა, თამარ გოგოლაძე აცხადებს, რომ აქციები დღეს დასრულდება და გადავლენ სრულად სამუშაო პროცესზე:
“ეს არის გამარჯვება, ბავშვებმა გაიმარჯვეს. საქართველოს შეუძლია უკვე დღეიდან, რომ უმკურნალოს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულ პაციენტებს და ეს არის, ვფიქრობ, აღსანიშნავი მომენტი. ჩვენი ქვეყანა შედის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნების სიაში. ეს ის 2 მედიკამენტია, რომლითაც უკვე მკურნალობენ, პაციენტების შედეგები კარგია. პროცესი გრძელდება, უბრალოდ ყველაზე სწრაფად და რაც შეიძლება მოკლე დროში ამ ბავშვების დახმარება დაწყებულიყო, იწყება 2 მედიკამენტით დღეიდან, ანუ აღარ არის განხილვა კი თუ არა, დღეიდანვე იწყება მუშაობა ფარმაცევტულ კომპანიებთან. ცოტა სიფრთხილე გვმართებს პროცესი რომ არ დაზიანდეს და, შესაბამისად, ჩვენი აქციებიც დღეს დასრულდება. აქცია აღარ იქნება კანცელარიასთან. გადავდივართ უკვე სამუშაო პროცესში” – ამბობს თამარ გოგოლაძე.
კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა: “შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მშობლების მონაწილეობით, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე”. მისივე თქმით, “კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით”.
