სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც ასახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ, ადამიანზე, განსაკუთრებით, მასწავლებელზე თავდასხმა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლემ დემეტრე ჯინჯოლიამ განაცხადა.
მოსამართლემ ორი არასრულწლოვნის მიმართ სასჯელის განსაზღვრამდე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.
ჯინჯოლიას თქმით, დანაშაულის ხასიათიდან და არასრულწლოვნების ხასიათიდან გამომდინარე, მან მათ მიმართ მაქსიმალური სასჯელი გამოიყენა.
„სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დარწმუნდა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწოვნების ბრალეულობაში, რის საფუძველზეც გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას. სამართლებრივ სახელმწიფოში ჯანმრთელობის დაზიანებას, დანაშაულის მომზადებას, მის შეუტყობინებლობას არ აქვს გამართლება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის დანაშაული აზიანებს არამხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას, არამედ მთლიანად საზოგადოებას და ხელყოფს მის უშიშროებას.
სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც ასახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მიერ, ვინაიდან მათ მიმართ, ადამიანზე, განსაკუთრებით, მასწავლებელზე თავდასხმა ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.
სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, არ დგინდება გიგა ავალიანის მხრიდან რამე სახის ზედმეტი კომუნიკაციის არსებობა, რაც სასამართლოს შეფასებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ურთიერთდამოკიდებულებას გასცდებოდა.
სასჯელის ზომის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების პიროვნებას და აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მხოლოდ სასჯელის დაკისრება არ არის, არასრულწლოვნებმა ნათლად უნდა გაათვითცნობიერონ, მათი პასუხისმგებლობა, გამოწვეული შედეგები და განიმსჭვალონ კანონის მიმართ პატივისცემის გრძნობით.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ემსახურება არამხოლოდ კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას, არამედ წარმოადგენს გაფრთხილებას განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ამგვარი კატეგორიის დანაშაულის ჩადენა იწვევს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ პასუხისმგებლობას და რომ ძალადობა არ არის ნორმა”,- განაცხადა ჯინჯოლიამ.
