ვის შეარჩევს “ქართული ოცნება” უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოსტზე? – მოსამართლე მაია ვაჩაძეს მუშაობის უფლება 2027 წლის აპრილამდე აქვს, თუმცა იუსტიციის საბჭომ კანდიდატები უკვე შეარჩია.
იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირდნენ:
თამარ ალანია
დიმიტრი გვრიტიშვილი
გიორგი გოგინაშვილი
ლიანა კაჟაშვილი
დავით მამისეიშვილი
სალომე სამხარაძე
სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მაია ბაქრაძის განცხადებით, კონკურსში მონაწილეობა, სავარაუდოდ, ბევრ სხვა მოსამართლესაც მოუნდებოდა, მაგრამ სისტემა ჩაკეტილია.
“ადამიანს პენსიაზე გასვლასაც არ აცლიან, ქალბატონ მაია ვაჩაძეს 2027 წლამდე აქვს მუშაობის უფლება, შესაძლებლობა და რა თქმა უნდა, მის პოზიციას 2027 წლამდე ვერავინ ვერ ახლებს ხელს, თუ თავად არ მოინდომა და არ გადადგა და ასე წინასწარ, წინსწრებით ხდება ხოლმე ამ სისტემის დაკომპლექტება, რითაც, ფაქტობრივად, სრულად გაუფასურებულია ყველანაირი პროცედურა. კანდიდატები, რა თქმა უნდა, ისეთები არიან, რომლებიც ყოველთვის დაკავშირებულები არიან ამ გავლენიან ჯგუფთან, მათ შორის არიან ნათესაურ კავშირში, მეგობრულ კავშირში. დარწმუნებული ვარ, სხვა ბევრ მოსამართლესაც მოუნდებოდა ამ კონკურსში მონაწილეობა თვითონ შიგნიდანაც, მაგრამ ეს სისტემა არის სრულად ჩაკეტილი და ყველანაირი კონკურსი არის უბრალოდ ფასადი და არანაირი რეალური შინაარსი მას არ აქვს,” – ამბობს სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, თამთა კახიძის თქმით, უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში განსაკუთრებით ორი კანდიდატია საინტერესო. ერთ დიმიტრი გვრიტიშვილია, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ბიძინა ივანიშვილის კომპანიების დაკარიმების საქმე აქვს განხილული, ხოლო მეორე თამარ ალანია, რომელიც გვანცა ყუფარაძის საქმეს განიხილავდა, სადაც თეა წულუკიანი იყო ჩართული.
ორი კანდიდატი არის განსაკუთრებით საინტერესო ამ სიაში, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი და თამარ ალანია, რომლებიც არიან დაკავშირებულები გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფთან, ე.წ. კლანთან და საინტერესოა იმიტომ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ სცადეს უზენაეს სასამართლოში დანიშვნა.
“დიმიტრი გვრიტიშვილს აქვს ბიძინა ივანიშვილის საქმე განხილული წინა ხელისუფლების დროს, მისი კომპანიების დაჯარიმების საქმე, ხოლო რაც შეეხება თამარ ალანიას აქვს გვანცა ყუფარაძის საქმე განხილული, თეა წულუკიანი იბრძოდა ამ საქმის ირგვლივ და განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის იუსტიციის მინისტრობის დროს. როდესაც სტრასბურგში გვანცა ყუფარაძემ საქმე წააგო, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს არ იყო სასიხარულო, რადგან გვანცა ყუფარაძე იყო აბსოლუტურად მართალი ამ საქმეში, ის დასაქმდა იუსტიციის სამინისტროში, მოკლედ თეა წულუკიანი ყოველთვის ახსენებდა ამ საქმეს თამარ ალანიას,” – თქვა თამთა კახიძემ.
