საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დიმიტრი ჯამბურიას სახელით საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმე ეხება 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის წინ, ტროტუარზე მშვიდობიანი პროტესტის გამო პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და მისთვის 4-დღიანი პატიმრობის შეფარდებას.
„აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საია დავობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე: 6(1) (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება); 11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); 14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მე-6(1) და მე-11 მუხლებთან ერთობლიობაში; 17 (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა). კერძოდ:
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება – არ არსებობს არანაირი მითითება, რომ აქციის ორგანიზატორებს ან თავად მომჩივანს რაიმე ძალადობრივი განზრახვა ჰქონდათ. ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ კანონში მითითებული ტერმინის – „ხელის შეშლის“, უკიდურესად ბუნდოვანი და ფართო ფორმულირება სამართალდამცავებს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების საშუალებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად თავისთავშივე დამტკიცებულად მიიჩნია შსს-ის ის მტკიცება ფაქტად, რომ მათი თქმით, ამ აქციასთან მიმართებით გაკეთებული გაფრთხილებები არ იყო სათანადო ფორმით წარმოდგენილი, რის საფუძველზეც აქცია შსს-მ ჩათვალა არაკანონიერად. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო მხოლოდ იმიტომ, რომ, მისი მტკიცებით, მცირერიცხოვანმა აქციამ ფეხით მოსიარულეთა ნაწილი დროებით შეაფერხა. თუმცა მოსამართლეს საერთოდ არ შეუფასებია არც ის ფაქტი, რომ მომჩივანს რეალურად ჰქონდა გაგონილი შსს-ის გაფრთხილების შესახებ, რომ აქცია დაშლილიყო, არც დაბრკოლების სიმძიმე, არც ალტერნატიული ადგილმდებარეობების შეთავაზების გაკეთების არსებობა და, რაც მთავარია, არც მომიტინგეთა მხრიდან გადაადგილების შეზღუდვის წინასწარი განზრახვა. იმის გათვალისწინებით, რომ პროტესტი, თავისი ბუნებით, გარკვეულ ფიზიკურ სივრცეს იკავებს და ყოველთვის იწვევს ჩვეული ცხოვრების რიტმის გარკვეულ, გარდაუვალ შეფერხებას, კანონის ამგვარი უკიდურესად ფართო და თვითნებური განმარტება პრაქტიკულად კრძალავს ნებისმიერი სახის მშვიდობიან შეკრებას და სრულად აქრობს კონვენციით გარანტირებული უფლების არსს… ” – ნათქვამია ინფორმაციაში.
