მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი მდინარაძის მიერ “უკანონო კრიპტომაინინგის” შესახებ გავრცელებულ განცხადებაზე “ძალიან სწორი და დროულია”.
„ძალიან სწორი და დროულია. მაინინგის შეზღუდვა კარგად აისახება ჩვენი კუთხის განვითარებაზე. [ეს პროცესი] ძალიან უშლიდა ხელს ტურიზმისა და მუნიციპალიტეტის განვითარებას. ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება ძალიან გვაზიანებდა. ზამთრობით ელექტროგადამცემ ხაზებზე იმდენად დიდი დატვირთვა იყო, რომ ხშირად კომუნიკაციებს მოწყვეტილები ვიყავით. გვქონია ისეთი პერიოდებიც, როცა ჩამოსული ტურისტი უკან ბრუნდებოდა იმის გამო, რომ შუქი არ იყო. იმედია, ამას ყველაფერს მოევლება, მეტი უშუქობა არ იქნება და მუნიციპალიტეტში ზამთრის ტურიზმი უფრო სწრაფად და კარგად განვითარდება“ – ამბობს მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი [BMG].
კაპიტონ ჟორჟოლიანი ასევე შეეხო დაგეგმილ სოციალურ პოლიტიკას და განმარტა, თუ როგორ იმოქმედებს ახალი ტარიფები და ლიმიტები მოსახლეობაზე, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებზე.
„კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ გადაწყვეტილების გამო ძალიან მადლობელი ვარ. ადგილობრივებს ექნებათ ლიმიტი, რომელსაც გადავუხდით, მაგრამ იმ ზღვარს ზემოთ უკვე გადასახადი დაინიშნება. ეს წესი ყველასთვის იმოქმედებს, თუმცა სოციალურად დაუცველებისთვის [ბაზისური მოხმარება] მუდმივად უფასო იქნება. გასაგებია, რომ მოხმარების მიხედვით მოხდება დათვლა და გადამეტებულ მოხმარებაზე მოსახლეობა თანხას უკვე თავად გადაიხდის“ – ამბობს ჟორჟოლიანი.
დღეს მდინარაძემ საქართველოში და მათ შორის, მესტიის მუნიციპალიტეტში „უკანონო კრიპტომაინინგის“ წინააღმდეგ ბრძოლა დააანონსა. მისივე თქმით, „მესტიაში უკანონო კრიპტო მაინინგის გამო, ქვეყანაში თითოეული აბონენტი დენის საფასურის გადახდისას დამატებით, 1.5 ლარს იხდის“.
