მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოში რამდენიმე ახალი რეგულაციის ამოქმედება იგეგმება.
ცვლილებები შეეხება საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვას, საყოველთაო ჯანდაცვის პირობებს, მართვის მოწმობის გამოცდის წესებს და ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, ამ ცვლილებების შესახებ, რომელთა ამოქმედებაც 2026 წლის ივნისშია დაგეგმილი.
საჯარო სივრცეში განცხადებების მონიტორინგი
2026 წლის 1-ლი ივნისიდან საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი განცხადებების მონიტორინგი და მასზე სამართლებრივი რეაგირება დაიწყება. ეს ფუნქცია შს სამინისტროს ფარგლებში არსებულ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტს დაეკისრა.
ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ამოცანა იქნება ასევე საჯაროდ ძალადობის ან სიძულვილის მოწოდების დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტებზე დროული რეაგირება და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება
2026 წლის 15 ივნისიდან საქართველოში მართვის მოწმობის გამოცდის წესები იცვლება. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების მიხედვით, ახალი წესები როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდებს შეეხება.
კერძოდ, ბრძანების მიხედვით, B და B1 კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე კანდიდატს 30-კითხვიან ტესტში მაქსიმუმ 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება. გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი 30 წუთში მინიმუმ 25 სწორ პასუხს გასცემს. მანამდე, სავალდებულო 27 სწორი პასუხი იყო.
ამასთან, იცვლება პრაქტიკული გამოცდის შეფასების წესიც. ახალი რეგულაციით, თუ კანდიდატი გარკვეულ მოთხოვნას პირველად არასათანადოდ შეასრულებს, გამომცდელს შეეძლება მას დამატებითი შესაძლებლობა მისცეს შეცდომის გამოსასწორებლად.
გარდა ამისა, პრაქტიკულ გამოცდაზე მსუბუქი შეცდომების დასაშვები ზღვარი იზრდება. თუ მანამდე კანდიდატს გამოცდაზე მხოლოდ 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ჰქონდა, ახლა 15 ან მეტი მსუბუქი შეცდომის შემთხვევაში ჩაიჭრება.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილებები ასევე ეხება პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რიგების დაჯავშნას. ბრძანების მიხედვით, მომსახურების სააგენტო სპეციალური ალგორითმით განსაზღვრავს კანდიდატებისთვის ადგილების განაწილებას, რათა რიგები უფრო თანაბრად გადანაწილდეს.
გარდა ამისა, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის ივნისიდან ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მხოლოდ გეგმური გამოცდები ჩატარდება. რაც შეეხება არაგეგმურ გამოცდას, მისი ჩაბარების შესაძლებლობა მოქალაქეებს მხოლოდ შაბათ დღეს ექნებათ.
გარკვეული პირები საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებენ
2026 წლის 1-ელი ივნისიდან ის პირები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ უწყვეტად 6 თვეზე მეტი ვადით იმყოფებიან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ ისარგებლებენ. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ იანვარში მიიღო.
„2026 წლის 1-ელი ივნისიდან ყოველთვიურად, განმახორციელებლის მიერ განხორციელდეს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებში ბენეფიციართა რეგისტრაციის მოდულიდან იმ ბენეფიციართა რეგისტრაციის შეჩერება, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ 6 თვე და მეტი ვადით უწყვეტად.
მოსარგებლის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად,“ – ნათქვამია დადგენილებაში.
სავალდებულო ხდება გიდების სერტიფიცირება
2026 წლის ივნისიდან გიდების სერტიფიცირების ვალდებულება ამოქმედდება. ამ წესის დარღვევისთვის, გარკვეული ჯარიმებიცაა გათვალისწინებული.
კერძოდ, ვალდებულება შეეხება იმ პირებს, რომლებიც სამთო გამყოლის, სათხილამურო გამყოლისა და ალპური გამყოლის საქმიანობას ახორციელებენ.
წყარო
