ორმაგი ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას უსაფუძვლოს უწოდებს. პრორუსული ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივისტი აცხადებს, რომ მის მიმართ საქმე პოლიტიკური მოტივით არის აღძრული.
გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეს ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან. გავრცელებული ცნობებით, ერთ-ერთი ქვეყანა რუსეთია, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, ირანი. ამ ვერსიას ირანის ელჩის მიერ გავრცელებული წერილიც ამყარებს, საიდანაც ირკვევა, რომ დაკავებამდე რცხილაძე თეირანში გამგზავრებას გეგმავდა.
ამავდროულად, „აიფაქტის“ საგამოძიებო მასალაში აღნიშნულია, რომ რცხილაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევის მიერ დაფუძნებულ სანქცირებულ ფონდთან იყო დაკავშირებული. გამოძიების ავტორების ინფორმაციით, მას ფინანსური მხარდაჭერა სწორედ აღნიშნული სტრუქტურიდან ჰქონდა.
საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გულბაათ რცხილაძე სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა წიგნებისა და დოკუმენტური ფილმების შექმნაში, სადაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კრემლის ოფიციალური პოზიციის შესაბამისი გზავნილები იყო წარმოდგენილი. ასევე ცნობილია, რომ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ის დასავლური ინსტიტუტების მიმართ კრიტიკული და ანტიდასავლური შინაარსის განცხადებებით გამოდიოდა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.
