ბათუმში, ე.წ. ბონის დასახლებაში, ხალხმრავალ ადგილზე 43 წლის მამაკაცი მოკლეს. შეიარაღებული თავდასხმა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მსხვერპლს რამდენიმეჯერ ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლული მამაკაცი სილამაზის სალონში მეუღლისა და შვილის წამოსაყვანად მიდიოდა, როდესაც მას ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი მსხვერპლს ჩაუსაფრდა.
მოწმეების ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი დახმარებას ითხოვდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილი რამდენიმე საათის განმავლობაში ყვითელი ლენტებით იყო შემოსაზღვრული. ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებმაც სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.
სამართალდამცველები მომხდარის გარემოებებს იკვლევენ და თავდამსხმელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
