ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს ოფიციალურ ბრალს დღეს წარუდგენენ. „ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, რომელსაც გამოძიება ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ედავება, ამ წუთებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება, სადაც ბრალის დადგენილებას გაცნობას ელოდება. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.
პროკრემლურ ორგანიზაციებთან კავშირში არაერთხელ მოხსენიებული რცხილაძე მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი, ამიტომ ვერ იტყვის, რომელი ორი ქვეყნის ჯაშუშობას ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
“ბრალის დადგენილებაა 11:30-ზე, ჯერ არ შევსულვარ და გუშინ საღამოს რომ ვნახე, არ აღიარებს ბრალს. ორი ქვეყანაა, მაგრამ რომელი ქვეყნებია ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ირანის ელჩმა და რამდენიმე ადამიანი, ორი-სამი ადამიანი იყო არჩეული და ერთ-ერთი იყო გულბაათ რცხილაძე, ირანის საელჩოს დაფინანსებით მიდიოდა, სიუჟეტი უნდა გაეკეთებინათ. საქმის მასალებს გავეცანი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გაუთმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი…სუსი თუ იტყვის, ბუნებრივიაა, ვიტყვი” – ამბობს ადვოკატი ლაშა გოლუბიანი.
ცნობილია ისიც, რომ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე გულბაათ რცხილაძემ ირანში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ კონფერენცია გამართა, სადაც რუს ექსპერტებთან ერთად რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავდა.
