ტაშკენტში საერთაშორისო მიგრაციის რიგით პირველი საერთაშორისო ფორუმი (TIMF) გაიმართა. ღონისძიებაში 50-ამდე ქვეყნის 600-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ბუნტური ესწრებოდნენ.
ფორუმზე ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების გაფართოების, მიგრანტების უფლებების დაცვისა და მიგრაციის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. მხარეებმა იმსჯელეს
შრომითი მიგრანტების და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვასთან და მიგრაციის სფეროში სახელმწიფოებსა და დამსაქმებლებს შორის ინსტიტუციურ დონეზე თანამშრომლობის შესახებ.
ღონისძიება უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მიგრაციის სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გია ცაგარეიშვილი უზბეკეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებული მიგრაციის სააგენტოს დირექტორს – ბეხზოდ მუსაევს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
