რუსთავში ხელოვანები თეატრისთვის იბრძვიან – ადგილობრივი ხელისუფლება ამტკიცებს, რომ “ბრავოს” შენობა უსაფრთხო აღარ არის და სასწრაფოდ 10 დღეში უნდა დაიცალოს. უკვე 16 წელია ქალაქ რუსთავში ეს თეატრი ფუნქციონირებს. იჯარით აღებულ შენობაში მოზარდებს ასწავლიან სამსახიობო ხელოვნებას, იდგმება სპექტაკლებიც. პროტესტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც მსახიობებს თეატრში დენი ჩაუჭრეს. ამის შემდეგ ხელოვანებმა ქალაქის მერთან მოითხოვეს შეხვედრა.
ნინო ლაცაბიძესთან შეხვედრა გუშინ ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. მერმა თეატრის წევრებს ალტერნატიული ფართი შესთავზა, “ბრავოს” წარმომადგენლებმა კი იჯარის ხელშეკრულების გაგრძელება მოითხოვეს.
“2026 წლის 20 აპრილს ჩვენსა და მუნიციპალიტეტს შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. ვარემონტებდით, ვაბარებდით აღნიშნულ აუდიტორულ დასკვნას მუნიციპალიტეტს და როგორც ქალბატონმა მერმა აღნიშნა შეხვედრაზე, თავად მოუწია, რომ გამოექვითა ეს ყველაფერი საიჯარო ქირიდან, შესაბამისად ტერმინის, რომ ჩვენ აქ ვართ უფასოდ, არის ტყუილი. წინასწარ არ მიგვიღია შეტყობინება, 21 აპრილს მივირეთ წერილი, რომ 10 დღეში დაცალეთ შენობა, რაც წარმოუდგენელია 10 დღეში, რადგან 16 წლის ინფრასტრუქტურა გვაქვს შიგნით მოწყობილი”, – ამბობს თეატრის წევრი.
