პროევროპულ აქციებზე დაკავებული საბა სხვიტარიძე ციხიდან წერილს ავრცელებს:
“26 მაისს ვიმედოვნებ, ბევრნი იქნებით. რუსთაველის გამზირი დიდი ხანია აღარ გადავსებულა.
გამოსვლის მიზეზი ბევრია — უსამართლობა, მაღალი ფასები, ევროინტეგრაცია, განათლება, ემიგრაცია, ბავშვებისთვის საჭირო წამლები… ჩამოთვლაც კი შეუძლებელია, იმდენი პრობლემა დაგროვდა ამ პატარა ქვეყანაში. ამიტომ უნდა გამოვიდეს ყველა, ვისაც ცვლილება სურს, ვისაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში მომავალი ჰქონდეს. ქოცების ხელში არც ქვეყანას აქვს მომავალი და არც ჩვენ.
ვინც ამბობს, რომ აქციებს აზრი არ აქვს და არაფერი იცვლება — დაფიქრდით, ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ რამდენი რამ მოხდა. ვინმე იტყვის, რომ ამ პროცესების შემდეგ ქოცები მყარად გამოიყურებიან?
თუ რამემ დაასუსტა ქოცები, ეს იყო მასშტაბური აქციები და უწყვეტი პროტესტი.
26 მაისს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ერთმანეთს, საქართველოს და მსოფლიოს, რომ დანებებას არ ვაპირებთ და რომ ძალა ხალხშია!
მიეცით ბავშვებს წამალი!
ჩვენ ვერ შევდგებით საზოგადოებად, თუ ას ბავშვს ტანჯვისთვის გავწირავთ ფულის გამო. სადამდე უნდა დაეცეს „ხელისუფლება“, რომ ბავშვების სიცოცხლით ვაჭრობა დაიწყოს — ბავშვების, რომლებსაც გადასარჩენად წამალი სჭირდებათ.
ასე ხდება, როდესაც ხელისუფლება ხალხის არჩეული არ არის და არანაირი დამსახურებით აღმოჩნდება თანამდებობაზე.
ჩვენი თითოეული მოქალაქის ვალია, ეს ბავშვები გადავარჩინოთ, რადგან მათ, ვინც დღეს დე ფაქტო მართავს ქვეყანას, ამისთვის არ სცალიათ და ბავშვებს წამალზე უარს ეუბნებიან.
წამალი ბავშვებს!
სოლიდარობა ნანუკას!
26 მაისი ჩვენი დღეა” – წერს საბა სხვიტარიძე.
ფოტო: პუბლიკა
