ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თბილისში ქუჩებში „ქართული ოცნების“ აგრესიულად განწყობილი მხარდამჭერები გადაადგილდებიან და ოპოზიციის წევრებს საინფორმაციო კამპანიის ჩატარებისას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. მათი ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, მოქალაქეებთან შეხვედრის დროს, უცნობი მამაკაცები პოლიტიკოსებს მიუცვივდნენ, აგინეს და კამპანიის ჩაშლა სცადეს.
ოპოზიციურ ალიანსში ვარაუდობენ, რომ მსგავსი ქმედებები წინასწარ ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და პროცესში ე.წ. „ტიტუშკები“ მონაწილეობენ. მათი თქმით, აგრესია უკავშირდება დღევანდელ აქტივობას, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოქალაქეებს 26 მაისს დაგეგმილ ფართომასშტაბიან საპროტესტო შეკრებაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
“იმისთვის, რომ ჩვენი ხალხში სიარულის დისკრედიტაცია მოახდინონ, ამიტომ აქვთ ეს კამპანია აგებული რაღაც კონკრეტულ პროვოკაციებზე, რომელშიც იღებენ მონაწილეობას მათი პარტაქტივის წარმომადგენლები. არის ხოლმე ერთი ადამიანი, რომელიც იღებს ხოლმე ამ ყველაფერს, არ ვიცი, ალბათ სუსის თანამშრომელია და სხვა ადამიანები არიან, რომლებიც დიდი ალბათობით პარტაქტივის წარმომადგენლები არიან. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებიც არიან, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ისინი არ იქცევიან ასე, არ მოჰყავთ გადამღები ჯგუფი და პროვოკაციას არ დგამენ. შეიძლება, ადამიანი არ გეთანხმებოდეს და გითხრას, მაგრამ სატელევიზიო და სოციალური ქსელების მომხმარებლისთვის სპეციალურად დგამენ ასეთ პროვოკაციებს” – ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.
