მეწარმემ, რომელიც დღეს პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე დასაკითხად მიიყვანა, სუს-ის ექს შეფის წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცა. კაცი, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იკითხებოდა და რომლის ჩვენებაც მხარეებს შორის დაპირისპირების საგანი გახდა, ამბობს რომ საერთოდ ვერ გაიგო, რატომ ჩასვა ის სახელმწიფო ბრალდებამ მოწმეთა სიაში.
დღეს სასამართლოში დახურულ კარს მიღმა ბაგა-ბაღების ძარცვის ეპიზოდზე იმსჯელეს. დაიკითხნენ ბაგა-ბაღების დირექტორები და კომპანიის წამომადგენლები, ვისგანაც სააგენტომ სხვადასხვა დროს პირდაპირი შესყიდვის წესით გარკვეული სახის მომსახურება მიიღო. ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების არც ერთი მოწმე სუსის ექს-შეფის კორუფციაში ჩართულობაზე ინფორმაციას არ ფლობს.
სახელმწიფო ბრალდებას ლილუაშვლის წინააღმდეგ დასაკითხი ჰყავს ასამდე მოწმე. მათ შორის არიან სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული და მსჯავრებული პირები. პროკურორი ამბობს, რომ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჰყავთ პირდაპირი მოწმეებიც, თუმცა მოწმეთა უსაფრთხოების გამო მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე პროცესები საზოგადოებისთვის არ გაიღება.
მთავარი მოწმე ვისთანაც ლილუაშვილის ადვოკატებს ყველაზე მეტი კითხვა აქვთ, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, კორუფციაში მსჯავრდებული მიქაუტაძე იყო ის, ვისი ჩვენების შემდეგაც ერთ დროს ივანიშვილის ყველაზე სანდო კაცს ხელბორკილები დაადეს. გამოძიების ვერსიით ლილუაშვილი მიქაუტაძეს ტენდერების ჩაწყობაში ეხმარებოდა და ამ უკანონო გარიგებებიდანაც ქრთამს იღებდა.
