მართვის მოწმობის მიღების წესები მარტივდება – ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
ახალი ბრძანების მიხედვით, საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზეც. დღეიდან გამოცდის მონაწილეებს თეორიულ ნაწილში, 30-კითხვიან ტესტში 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება.
აქამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე იზრდება.
ამასთან ერთად, თუ კანდიდატი ავტომობილის დაძვრამდე მომზადებისას თუ კანდიდატი რაიმე წესს არასწორად შეასრულებს, გამომცდელი მას შეცდომას მაშინვე არ ჩაუთვლის. ბრძანების მიხედვით, გამომცდელი ვალდებულია მისცეს კანდიდატს სიტყვიერი მინიშნება და მისცეს გონივრული დრო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. შეცდომა ოფიციალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეძლებს წესის სათანადოდ შესრულებას.
