ბოდბელი მთავარეპისკოპოსის გზავნილი ამბიონიდან – მეუფე იაკობმა ქადაგების დროს თქვა, რომ საქართველოს საპატრიარქოს ისეთ რაღაცებს თხოვენ, რაც ეკლესიის საქმე არ არის.
წმინდა სინოდის წევრს კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია და საუბრის ძირითადი ნაწილი მეუფე შიოს პატრიარქად გამორჩევას დაუთმო.
“უწმინდესმა ძალიან ძლიერი გუნდი დატოვა, ეკლესიის მართვაც ვიცით და ჩვენ რაც გვეხება ის მოგვთხოვეთ და ძალიან ხშირად ისეთ რამეებს გვთხოვთ ხოლმე, რაც ჩვენი საქმე არ არის და უშუალო საქმეს მაინც ნუ მოწყვეტთ, თორემ დანარჩენსაც თქვენთან ერთად ვიქნებით, ძალები არ გაგვაფანტინოთ, ერთად უნდა ვიაროთ, ურთულესი პერიოდია და ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ეს ურთულესი პერიოდი…
ჩვენთან ჩატარდა არჩევნები. ნახეთ, რომ განსხვავებული აზრები იყო. რიცხვებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია აზრები განსხვავებული იყო, მაგრამ რა მოხდა- ყველამ ვაღიარეთ ღვთის ნებად ის, რაც უმრავლესობამ მიიღო, რადგან სულიწმიდით იყო მოწოდებული და ჩვენი უწმინდესიც სულიწმიდის მიერ არის გამორჩეული. ჩვენ კი მივიღეთ მონაწილეობა თითოეულმა ჩვენგანმა, ზოგმა იმას მისცა ხმა, ზოგმა იმას, მაგრამ საბოლოოდ, დღეს აბსოლუტურად ყველა ვაღიარებთ, რომ ის არის ჭეშმარიტი დღევანდელი ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელი,” – თქვა მეუფემ.
