თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალდების საქმე, რომელიც დამხობისკენ მოწოდებას ეხება, სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.
სასამართლო პროცესი 4 ივნისს, 13:00 საათზე გაიმართება.
თავად ბაჩო ახალაია თავს დამნაშავედ არ თვლის და მოითხოვა, რომ საქმე არსებით განხილვაზე არ უნდა გადასულიყო. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმე არსებით განხილვას გადასცა.
მისი თქმით, საქმის წინასასამართლო სხდომაზე შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს.
ცნობისთვის, ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ საქმეზე, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
