უკრაინელმა ბიზნესმენმა, ტიმურ მინდიჩმა ვოლოდიმირ ზელენსკის სანქციების დაწესების გამო უჩივლა.
კერძოდ, მინდიჩმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ასაჩივრებს. სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტიმურ მინდიჩი ითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ დაწესებული სანქციები უკანონოდ ცნონ.
საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ 14 მაისს სასამართლომ მოსამართლეთა კოლეგია უკვე დაასახელა. მოპასუხეებად დასახელებული არიან თავად ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, ასევე ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
„უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში მინდიჩმა განმარტა, რომ სარჩელი შეიტანა, რადგან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
„მე მადანაშაულებენ იმაში, რაც არ ჩამიდენია“, – განაცხადა მინდიჩმა.
2025 წლის 13 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტიმურ მინდიჩს სანქციები დაუწესა. ცნობისთვის, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ, „ენერგოატომში“ კორუფციული საქმის ფარგლებში, ბიზნესმენ ტიმურ მინდიჩს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მინდიჩმა უკრაინა ჩხრეკამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვა.
