“ტვ პირველის” ინფორმაციით, კაცი, რომელიც რამდენიმე საათის წინ საპატრიარქოს ეზოში თეთრი პრიუსით შევარდა, როსტომ მაზმიშვილია.
40 წლამდე მამაკაცი ახლა თაბუკაშვილის პოლიციაშია გადაყვანილი. როგორც დაკავებული ირწმუნება, რომ მომხდარის შესახებ არაფერი ახსოვს.
“ტვ პირველმა” გაარკვია, რომ ინციდენტის დროს, მაზმიშვილი ნაქირავები ავტომობილით გადაადგილდებოდა, რომელიც ერთი თვის წინ ერთ-ერთი კომპანიისგან იქირავა.
როგორც ავტომობილების გაქირავების კომპანიის წარმომადგენელი “ტვ პირველის” ჟურნალისტს ეუბნება, რომ დაკავებული კაცი ავტომობილის ქირას ყოველდღიურად იხდიდა.
“სახეზეც არ მყავს ნანახი. დაახლოებით ერთი თვეა რაც ნაქირავები ჰყავს მანქანა. ვადები არ ვიცი, რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს იტოვებენ. არ ვიცნობ, არც ნანახი არ მყავს. ქირას როგორც ჩანს ყოველდღიურად იხდიდა, თორემ ამდენი ხანი ხომ არ გაუჩერებდნენ მანქანას”, – ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
საპატრიარქოს თანამშრომლები, რომლებიც მომხდარის თვითმხილველები არიან, ამბობენ, რომ კაცი მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ ბოთლებს ისროდა და “ყველას მისამართით ილანძღებოდა”.
“პირდაპირ შევარდა, შეანგრია. ჩვენ შიგნით ვიყავით ოთახებში და გამოვედით… გადმოვიდა მანქანიდან ისროდა ბოთლებს. მერე გავიგეთ, რომ მართლა ფსიქიურად დაავადებულთა დისპანსერში წოლილა. ყველას გვლანძღავდა საერთოდ. დაშავებული არავინაა. კამერის ჩანაწერები ჯერ არ ამოუღიათ”, – ამბობს საპატრიარქოს თანამშრომელი.
ინციდენტი საპატრიარქოსთან რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილზე ახლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
