რუსთაველის გამზირზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების და აქტივისტები იკრიბებიან. ისინი ამ ფორმით სოლიდარობას ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანს უცხადებენ, რომელიც დღეს მოსამათლე მაკარიძემ ტროტუარზე დგომის გამო 3 დღით პატიმრობაში გაუშვა. საქმე ეხება ერთი წლის წინანდელ საქმეს, რომელიც ტაროდან მხოლოდ ახლა ჩამოიღეს.
ცოტა ხნის წინ დედაქალაქის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს მამა დოროთეც შეუერთდა.
აქტივისტები ამბობენ, რომ “ოცნება” ახლა იმ ადამიანების განეიტრალებას ცდილობს, ვინც პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები.
ეს სიგნალი არის იმის ნიშანი, რომ დაგვაშინონ, მაგრამ მემგონი, ყველა ხვდებით და ხმამაღლაც ვიტყვი, არავინ გავჩერდებით. ეგ არის პატიმრების ყელში წაჭერა, რომ დაისუსტონ ემოციები, დაიოკონ, რომ არაფერი თქვან ზედმეტად და ჩვენ, მშბლები რომ შეგვაშინონ, მაგრამ არ შევშინდებით. ნანუკას სამი დღე არაფერი მოუვა, უმაგრესი გოგოა, გაუძლებს, – ამბობს სინდისის პატიმრის, გიორგი მინდაძის დედა, ნანი წულაია.
ნანუკა ჟორჟოლიანის დაკავებას შეშინების მცდელობად აფასებს სინდისის კიდევ ერთი პატიმრის, თორნიკე გოშაძის დედაც.
ეს არის შეშინება, რომ აი, ჩვენ ნანუკაც კი დავიჭირეთ და თქვენ ვინ ხართ. ყველას გვეუბნებიან, მათ შორის ალბათ მეც და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, ასევე მზად იყო ნანუკა ჟორჟოლიანიც, – ამბობს თორნიკე გოშაძის დედა, მარიზი კობახიძე.
