ირაკლი კობახიძემ დილის ბრიფინგი ამჯერად საქართველოში არსებულ პრობლემებს კი არა, დანიის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს მიუძღვნა. მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებს კოპენჰაგენში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დაგმობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
„ქართული ოცნების“ განსაკუთრებული ყურადღება კოპენჰაგენში გამართული პალესტინის მხარდამჭერი აქციის დარბევის კადრებმა მიიპყრო. ვიდეოში ჩანს, როგორ იყენებენ სამართალდამცველები ძალას მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვებაზე უარს ამბობენ. თუმცა ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტები და კრიტიკოსები კითხულობენ — რატომ ამახვილებს “ოცნება” ყურადღებას დანიის მოვლენებზე მაშინ, როდესაც საქართველოში აქციების დაშლის დროს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება.
ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დანიის მაგალითი მხოლოდ ფორმალური მიზეზია და რეალური მიზანი ევროპული ინსტიტუტების მიმართ კიდევ ერთი პოლიტიკური გზავნილია. მათი შეფასებით, მსგავსი განცხადებები არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას, არამედ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობებზე გავლენის მოხდენასაც ემსახურება.
